თბილისის მერიის განცხადებით, 29 სექტემბერს მერიაში შევიდა საზოგადოება „რუსთაველის გამზირის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის წერილი, სადაც ის ითხოვს 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე არსებულ ოთხ ლოკაციაზე სახალხო შეკრებისა და სცენის მონტაჟისთვის მუნიციპალური და სახელმწიფო უწყებების ინფორმირებას და აღნიშნული ტერიტორიების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას.
„განმცხადებელს პასუხად ეცნობა, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა უნდა განათავსონ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება და ხელი არ შეეშალოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირებას“, — აცხადებს დედაქალაქის მერია.
საპასუხო წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, „დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება“.
„მოქალაქეების შეკრებისა და პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ასევე გააჩნიათ ვალდებულება, დაიცვან საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებები“, — აცხადებს თბილისის მერია.
თბილისის მერია აქვეყნებს პაატა ბურჭულაძის წერილს და უწყების პასუხს.
4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საზოგადოებას „რუსთაველის გამზირი“ მასშტაბური საპროტესტო აქცია აქვს დაანონსებული.




