მერიამ ბურჭულაძეს მოთხოვნილი 4-ის ნაცვლად ერთ ადგილას მისცა სცენის მონტაჟის უფლება 4 ოქტომბრისთვის

თბილისის მერიამ 4 ოქტომბერს ს პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო დემონსტრაციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეს, მოთხოვნილი ოთხი ადგილის ნაცვლად, მხოლოდ ერთ ადგილას მისცა სცენის მონტაჟის უფლება.
29 სექტემბერს პაატა ბურჭულაძემ, როგორც საზოგადოება „რუსთაველის გამზირის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის მერიას მიმართა წერილით, რომელშიც წერდა:
„საერთო სახალხო შეკრებაში მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, ოთხ ადგილას იგეგმება სცენისა და გახმოვანების აპარატურის მონტაჟი“.
ორგანიზატორების შერჩეული ოთხი ადგილი იყო:
· თავისუფლების მოედანი
· პარლამენტის წინა ტერიტორია
· ოპერის წინა ტერიტორია
· რესპუბლიკის მოედანი.
საპასუხო წერილში, რომელიც 30 სექტემბრით თარიღდება და რომელიც მერიამ დღეს გამოაქვეყნა, დედაქალაქის ადმინისტრაცია ბურჭულაძეს სწერს:
„შეკრების ორგანიზება ერთდროულად თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის ცენტრალური უბნების სატრანსპორტო პარალიზებას და რიგი ორგანიზაციების თუ დაწესებულების მუშაობის შეფერხებას გამოიწვევს“.
შესაბამისად, მერია მას მოუწოდებს, სცენა განათავსონ „ერთ ლოკაციაზე იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება“.
მერია ასევე აღნიშნავს, რომ კენჭისყრის დღეს, – რაც 4 ოქტომბერია, – „დაუშვებელია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება“.
„შეკრებისა და მანიფესტაციის შემთხვევაში, მონაწილეების მხრიდან დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობა… წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებები“.
4 ოქტომბერს მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაანონსებული, რომელსაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი უერთდება.
დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ არ იყო ვალდებული, მერია გაეფრთხილებინა და მხოლოდ საქმის კურსში ჩააყენა ადმინისტრაცია.
„ეს ჩვენ შევასრულეთ კანონიერად, მაგრამ მივიღეთ პასუხი დღეს – ძალიან ბევრნი ნუ შეიკრიბებითო და ერთი სცენა დადგითო“, – ასე შეაფასა მან მერიის პასუხი.
„ამის დამწერს ვეუბნებით: ნუ გეშინიათ! ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ, კანონს არ დავარღვევთ… ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ, თქვენც არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში“, – თქვა მან.