სახუთშაბათო ძველმანები ესეისტიკის სკივრიდან 18
სცენიდან – მთაწმინდისაკენ
სერგო ზაქარიაძე (1909-1971) თავისი შემოქმედების აღმართზე გარდაიცვალა. იგი ერთმანეთის მონაცვლეობით ახალ და ახალ დიდოსტატურ სახეებს ქმნიდა, ხოლო მისი სახელი, რომელიც ადრევე მეტად ჟღერადი იყო, ნელ-ნელა უფრო მეტ სივრცეებს იპყრობდა. ამიტომ მოულოდნელი და მტკივნეულად გულდასაწყვეტი იყო მისი სიკვდილი: 61 წლის მსახიობი სცენასა და ეკრანს ისე ტოვებდა, ალბათ, ერთ კაცსაც არ შეჰპარვია ეჭვი, რომ მისი საუკეთესო როლები ჯერ კიდევ წინ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის მიწურულს მას პატრიარქისა და პატრონის იერი დაჰკრავდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბოლო წლებში თბილისის ქუჩებში ხანდახან დიდი თეთრი წვერით დადიოდა, იგი ახალგაზრდა გარდაიცვალა, და ამის გაცნობიერებასაც გაკვირვება მოჰყვა, მით უმეტეს, როცა პირველ ნეკროლოგებში – შეცდომის თუ დაუდევრობის გამო – ნამდვილზე უფრო ნაკლები ასაკი გაკრთა (თუმცა კომპარტიის გენერალური მდივნის ხელმოწერილმა და “პრავდაში” დაბეჭდილმა ნეკროლოგმა – როგორც ყველაფერმა, რაც პოლიტბიუროდან ex cathedra მოდიოდა – საკითხში გარკვეულობა შეიტანა).
მაყურებელი შეჩვეული იყო მის ხანგრძლივ სამსახიობო გზას, მაგრამ ისიც აშკარა იყო, რომ შემოქმედებითი განვითარება ამოწურული, დამთავრებული, დასრულებული არ იყო. შესაძლოა ამის გამოც მისი სიკვდილი ასახსნელად და გასაგებად ძნელი აღმოჩნდა. ამიტომ, როგორც ამგვარ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მიზეზების ძიებისას თუ შეთხზვისას, ლეგენდები რეალობას გადაეჯაჭვა. დღეს უკვე ძნელია, და თან ნაკლებად საყურადღებო, ყველა იმ ჭორისა თუ მართლის გახსენება, რაც მის სიკვდილს უკავშირდებოდა: ითქვა უსიამოვნებაზე თეატრში და უსიამოვნებაზე შინ; იმის შესახებ, რომ ვიღაც შეეცილა როლში და მას ის სხვა ამჯობინეს; რომ გულნატკენი იყო, რადგან საბჭოთა სუპერფილმში “განთავისუფლება” (რომელიც სტალინიზმისაკენ საბჭოთა სისტემის ხელახალი შებრუნების მნიშვნელოვან ნიშანსვეტს წარმოადგენდა) სტალინის როლის თამაშის საშუალება არ მისცეს; რომ რომელიღაც ჯილდო თუ თანამდებობა ასცდა – თუმცა მსახიობისათვის თითქმის ყველა წარმოსადგენ პატივს ფლობდა (სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავით კი იმხანად ჯერ მსახიობებს არ აჯილდოებდნენ); რომ თითქოს გამწვავებული სიტუაციის გამო თეატრიდან წასვლასაც კი აპირებდა. ყველაფერი ეს ხსნიდა და არც ხსნიდა მის სიკვდილს, მაგრამ გარეშე მეთვალყურეს ხომ ყოველთვის ამოძრავებს სწრაფვა მოულოდნელ და გაურკვეველ მოვლენებში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აღმოაჩინოს, სტიქიურ უბედურებასაც კი ლოგიკითა და ბუნებრივი თუ ზებუნებრივი კანონზომიერებით ჩასწვდეს. სერგო ზაქარიაძის სიკვდილი კი მართლა სტიქიურ უბედურებას ჰგავდა, ქართული ხელოვნების სტიქიურ უბედურებას. ისტორიის ალტერნატივები თუ თეორიული დაშვება-წარმოსახვები უმთავრესად საყმაწვილო თამაშობებს ჰგავს ხოლმე, მაგრამ დღეს – მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის პერსპექტივიდან – თითქმის უეჭველად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ სერგო ზაქარიაძის ცოტათი უფრო ხანგრძლივი სიცოცხლე განსხვავებულ და უკვე განუხორციელებულ იერს შესძენდა ქართულ თეატრს, ზოგადად, თუ რუსთაველის თეატრს, კერძოდ, ამასთანავე, ქართულ კინოს თუ, საერთოდ, ქვეყნის სამსახიობო ცხოვრებას.
მისი დიდება არ იყო უეცარი შემოქმედებითი აფეთქების ნაყოფი და არ იყო არც ბოლომდე შესრულებული, ბოლომდე განხორციელებული შემოქმედებითი გზის შედეგი. იგი დიდებისკენაც ისე დინჯად მიდიოდა, როგორც ოსტატობისაკენ, სრულყოფილებისაკენ; როგორც მის უკანასკნელ, გენიალურობის ზღვარს მიახლოებული როლებისაკენ; როგორც მახარაშვილისა და ბაყბაყდევისაკენ, ბეკინასა და კრეონისაკენ. გულდასაწყვეტია, რომ იმ დროს ვიდეოტექნიკა ჯერ კიდევ არ იყო არც განვითარებული და არც გავრცელებული, რის გამოც მსახიობის სცენური ვირტუოზობა მხოლოდ თანამედროვეთა მეხსიერებას შემორჩა.
სერგო ზაქარიაძეს ფართო აღიარება და სახელი მაინც კინომ მოუტანა, თუმცა, სხვა ქართველ მსახიობთა მსგავსად, კინოში მას არც ისე ბევრი როლი აქვს შესრულებული: ოცდახუთი წლისა, ნატო ვაჩნაძესთან ერთად თამაშობს “უკანასკნელ ჯვაროსნებში”; ათიოდ წლის შემდეგ ქორეოგრაფიისა და გრაფიკის გადაკვეთაზე ქმნის შადიმან ბარათაშვილის სახეს “გიორგი სააკაძეში”; როცა ქართულ კინოში – ეგრეთ წოდებული გროტესკულ-იგავური მიმართულების გამარჯვებამდე – სოცრეალიზმს დაყრდნობილი ნეორეალიზმი ბატონობდა, მან ფოსტალიონი განახორციელა ფილმში “დღე პირველი, დღე უკანასკნელი”; გიორგი მახარაშვილმა “ჯარისკაცის მამაში” ინდივიდუალურობის ფარგლებს გადააბიჯა და სახალხო და ხალხურ, – ფოლკლორულ, – გმირად იქცა, თუმცა დიდება, უსაზღვრო პოპულარობა, ლენინური პრემია და სოფია ლორენთან ერთად საუკეთესო მსახიობად აღიარების პატივი ინდივიდუალურად სერგო ზაქარიაძეს ერგო; ამან განაპირობა მისი განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილიც ქართველ მსახიობთა გილდიაში, რასაც თან დაერთო მეტად პრესტიჟული როლი “ვატერლოოში” მსოფლიო კინოვარსკვლავების პრესტიჟულ გარემოცვაში; მისი სიკვდილის შემდეგ კი გამოდის “არ იდარდო!”, რომელშიაც მან თავისი ერთი საუკეთესო კინოროლი – სევდიანი და მგზნებარე, მიამიტი და ფიქრმორეული მოხუცი ექიმი განასახიერა.
მაგრამ სერგო ზაქარიაძე, უპირველეს ყოვლისა, თეატრის მსახიობი იყო: იგი თამაშობდა გროტესკულ ჯიბილოს “კოლმეურნის ქორწინებაში”, სოცრეალისტურ გიგაურს – “ბურჟუაზიულ ცრუმოძღვრებას”, გენეტიკას, შებრძოლებულ ახალგაზრდა პრაქტიკოს-მეცნიერს – “მის ვარსკვლავში” (ამ როლისათვის მას ქართველი მსახიობების დიდ ნაკრებში სტალინური პრემია ერგო), პათეტიკურ დავით აღმაშენებელს და მელოდიურ ბესიკ გაბაშვილს, ფერწერულ ქადაგს და ლირიკულ ფიროსმანს, მონუმენტურ ოიდიპოსს და ფსიქოლოგიურ შუისკის, ვოდევილურ თბილისელ მეწაღეს და ნატურალისტურ მეფე ლირს. ქართული თეატრის ვარსკვლავურ წამებს შესწრებია, ვისაც უნახავს მისი ბურლესკური, ფოიერვერკული კედებიანი ბრიყვი ბაყბაყდევი “ჭინჭრაქაში”; თავნება მოხუცი აზნაური ბეკინა “სამანიშვილის დედინაცვალში”, რომლის ყოველ ჟესტში, სიტყვაში, მზერაში იგრძნობოდა ბატონი და საუკუნეობით თავისუფლებას ჩვეული ადამიანი (“აზნაური” ხომ ძველ ქართულად “თავისუფალს” ნიშნავს); ან ოდენ ინტელექტის ძალით მორალური რკალის გარღვევის მოწადინე კრეონი ჟან ანუის “ანტიგონეში”, სადაც მსახიობის სიტყვისა და პლასტიკის სიმფონია სცენურ სასწაულს ქმნიდა. გასათვალისწინებელია, რომ იმერელი მებატონის თუ თებელი მეფის როლების შესრულებისას იგი სცენაზე თანამედროვე ევროპულ კოსტიუმში ჩაცმული გამოდიოდა (თუ არ ჩავთვლით ბეკინას თეთრ ყაბალახს) და, ყოველგვარი გარეგნული, დეკორატიული აქსესუარისაგან თავისუფალი, მაყურებელზე თავის მაგიურ ზემოქმედებას და მსახიობური ოსტატობის ალქიმიას ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიურ ველზე წარმართავდა.
მაგრამ მას ისეც – სცენის გარეშეც – შვენოდა ელეგანტური ევროპული სამოსი, რომელსაც იგი ბოლო ხანებში სვანურ ქუდს უხამებდა ხოლმე, – ესეც ცხადყოფდა, რომ იგი ევროპელობას ქართველობას უთანხმებდა, კარგი ქართველობა მისთვის ევროპელობას ნიშნავდა. ეს მის სამსახიობო სტილზეც აირეკლა: ღრმა ინტელექტუალიზმი არ გამორიცხავდა ემოციურობასა და ლირიზმს, სცენური ნახაზის უკიდურესი სიზუსტე – შთაგონებასა და პათოსს, მკვეთრი რაციონალიზმი – სილბოსა და სინაზეს. იგი თავად ქმნიდა საკუთარ სტილს, საკუთარ სახეს, საკუთარ თავს. როცა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი მიატოვა, მან გადაწყვიტა, მსახიობი გამხდარიყო. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ კოტე მარჯანიშვილი მასში მსახიობური ნიჭის წვეთსაც ვერ ამჩნევდა; ლეგენდა იმასაც მოგვითხრობს, რომ საკუთარ მონაცემებთან შეგუებასა და ზერელობის ზღვარზე ტივტივს მან დაუღლელი შრომისა და განუწყვეტელი წრთობის სარბიელზე გარჯა არჩია. და იგი განსაკუთრებული, გამორჩეული და სანიმუშო ქართველი მსახიობი გახდა, – იგი გახდა ამ პროფესიის, ამ ბიოგრაფიის, ამგვარი ცხოვრების წესის, ამგვარი საქართველოს წარმომადგენელი. იგი თავად კარგად აცნობიერებდა თავის წარმომადგენლობას და ღირსეულად ასრულებდა ამ საჯარო-სამოქალაქო თუ საერთაშორისო როლს.
1971 წლის აპრილის დღეებში სერგო ზაქარიაძის ნეშტი რუსთაველის თეატრის სცენაზე ესვენა. პარტერში მჯდომი თუ თეატრის შენობის წინ მდგომი ადამიანები მსახიობის ხმას უსმენდნენ: იგი ილიასა და აკაკის ლექსებს კითხულობდა, – საუკეთესო ქართულ ლექსებს საუკეთესო ქართველი მსახიობი საუკეთესო ქართული მუსიკის თანხლებით წარმოთქვამდა. არავის ტოვებდა განცდა, რომ რაღაც ახლობელსა და შეჩვეულს, მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვანსა და ამაღლებულს სამუდამოდ ემშვიდობებოდა. შემდგომ კუბო რუსთაველის პროსპექტზე გამოასვენეს და ხალხი მთაწმინდის აღმართს შეუყვა. მამადავითის ეკლესიის გალავანში დასვენებულ საუკეთესო ქართველებს – პოეტებსა და მწერლებს – პირველი ქართველი მსახიობი, სერგო ზაქარიაძე, შეუერთდა.