მერაბ ტურავას განმარტება KriPoZ-ის სარედაქციო კოლეგიის დატოვებაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრის მოქმედი მოადგილე მერაბ ტურავა გერმანული ონლაინ აკადემიური ჟურნალის, KriPoZ-ის (Kriminalpolitische Zeitschrift) საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოიღეს.

ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ფრილანსერი ჟურნალისტების დამოუკიდებელმა მედია-პროექტმა Tiflis24-მა.

მათ შეამჩნიეს, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ტურავა ირიცხებოდა ჟურნალის საერთაშორისო რედაქტორების სიაში, ხოლო ნოემბერში – აღარ.

სქრინშოტი KriPoz-ის ვებგვერდიდან.

მერაბ ტურავა ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ ეს არის არა “გარიცხვა”, არამედ მასთან “წინასწარი შეთანხმებით რედაქტორების შემადგენლობიდან გასვლა”. მიზეზი ტურავას განმარტებით ისაა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მის მიერ დაკავებული თანამდებობა შეუსაბამოა ჟურნალის აკადემიურ თანამდებობასთან.

“იყო წინასწარი, წერილობითი მიმოწერა ჩემს კოლეგებთან და შეთანხმება”, – მისწერა ტურავამ ნეტგაზეთს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მერაბ ტურავა იუსტიციის სამინისტროში 2025 წლის აპრილის ბოლოს დაინიშნა, ანუ აგვისტოს ბოლოს ის უკვე მუშაობდა აღმასრულებელ მთავრობაში, მაგრამ იმ დროისთვის ამას ხელი არ შეუშლია KriPoZ-ის რედაქტორის პოზიციაც შეენარჩუნებინა.

ამ გარემოებას ტურავა ბიუროკრატიული პროცედურით ხსნის, “ჯერ შეიტყვეს, მერე მიმოწერა გვქონდა და ვფიქრობდით ახლანდელი თანამდებობრივი სტატუსის და ჟურნალის აკადემიური დამოუკიდებლობის შესაბამისობის შესახებ. შემდეგ, ბუნებრივია, ახალი ნომრის გამოსვლიდან აისახებოდა შემადგენლობის ცვლილება ჟურნალის ყდაზე”.

ნეტგაზეთმა წერილობით მიმართა KriPoZ-საც კომენტარის გაკეთების თხოვნით.

მერაბ ტურავა 10 წელი მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში, იყო ამ სასამართლოს თავმჯდომარე, ვადის ამოწურვის შემდეგ გადაინაცვლა იუსტიციის სამინისტროში.


KriPoZ არის აკადემიური ჟურნალი, რომელიც უფასოდ ვრცელდება და აქცენტირებულია სისხლის სამართლის სისტემისა და კრიმინალის პრევენციის საკითხებზე. ჟურნალის მიზანია ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს სამეცნიერო-იურიდიული დისკუსიები და რეფორმების წინადადებები სისხლის სამართლის სფეროში. ის არის ელექტრონული (e-journal), რაც საშუალებას აძლევს სწრაფად მოახდინოს რეაგირება დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია, რაც უზრუნველყოფს პუბლიკაციების გლობალურ ხილვადობასაც.