მეორე კვარტალში ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ თითქმის 600 მილიონი ლარი დახარჯეს

2024 წლის II კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ქვეყნის რეზიდენტი მოგზაურების 697.8 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 2023 წლის ანალოგიური მაჩვენებლის ტოლია. განახლებულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
გასვლების უდიდესი ნაწილი – 46.6%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
რაც შეეხება საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორებს, ანუ 15 წელზე მეტი ასაკის მოგზაურების რაოდენობას, საქსტატის მონაცემებით, მეორე კვარტალში მათ მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 562.1 ათასი შეადგინა, რაც 3.4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 360.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა – 49.1%, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.5%-ს შეადგენდა.