მეორადი ტანსაცმლის იმპორტი გაიზარდა – ვის შემოაქვს და რა შემოსავლებს ფლობენ მსხვილი იმპორტიორები

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 5 200 ტონა $18 667 140 ღირებულების მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 900 ტონა $20 300 190 ღირებულების.
მონაცემების თანახმად რაოდენობრივად მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 6%-ით გაიზარდა. პროდუქციის შემოტანა კი 13%-ით გაიაფდა.
ტანსაცმლის მთავარი იმპორტიორი თურქეთია, ხუთეულში ასევე შედიან , არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები. 1 ტონა მეორადი ტანსაცმლის შემოტანა ყველაზე ძვირი აშშ-დან ჯდება ($12523), ყველაზე იაფი კი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ($2654).
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი მეორეული ტანსაცმელი შემოაქვს:
შპს არჩგრუპი – კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობა, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს შეადგინა 4 882 973 ლარი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ კი 3 098 966 ლარი. ხარჯების დაფარვის შემდეგ, კომპანიამ 2022 წელი 1.4 მლნ ლარის ზარალით დაასრულა.
კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ფერიდე ცანავა, ხოლო დირექტორი მიხეილ ზურაბაშვილია.
შპს ნავნე – 2022 წელს კომპანიის შემოსავალმა 26 417 110 ლარი შეადგინა, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ კი თითქმის 10 მლნ ლარი. „ნავნემ“, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა როგორც იმპორტირებული ტანსაცმლით, ასევე ფეხსაცმლით, კოსმეტიკური და პარფიუმერიის ნაწარმით, 2022 წელი 6 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. კონკრეტულად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს 14 მლნ-ს გადააჭარბა, თვითღირებულება კი 5.5 მლნ ლარს შეადგენდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 50-50%-იანი წილები ეკუთვნით ეკატერინე ნადირაძეს და დავით გიგაურს. „ნავნეს“ დირექტორიც ეკატერინე ნადირაძეა.
შპს მარინა – კომპანიის, რომლის ძირითადი საქმიანობა არის საბითუმო ვაჭრობა მეორადი საქონლით, შემოსავალმა 2022 წელს თითქმის 8.4 მლნ ლარი შეადგინა, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 8 მლნ ლარი იყო. რაც შეეხება მოგებას, კომპანიამ 2022 წელი მხოლოდ 249 302 ლარის წმინდა მოგებით დახურა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კომპანია ეკუთვნის მარინა ტაველიძეს, დირექტორი კი ვალერი ნადირაძეა.
შპს კავლათექს ჯორჯია – კომპანიამ 2022 წელს საქონლის მიწოდებიდან 4.7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რეალიზებული საქონლის თვითღირებულება კი 3 მლნ ლარამდე იყო, რაც შეეხება მოგებას, 259 904 ლარის შეადგინა. კომპანიის მფლობელები და დირექტორები უკრაინის მოქალაქეები მოჰამად კავლა (95%) და მუსტაფა კავლა (5%) არიან.
შპს ბალტიკ ტექსტაილ თრეიდინგ ჯორჯია – ფინანსური მაჩვენებლები გასაჯაროებული არ აქვს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ეს უკანასკნელი ლიეტუვაში რეგისტრირებულ ჰუმანას მეორადი დაფინანსების მოძიების პროექტებს ეკუთვნის, დირექტორია თურქეთის მოქალაქე – ბორა კარამანლი.
შპს ბორა – ფინანსური მაჩვენებლები გასაჯაროებული არ აქვს. კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი კობა დავაძეა.