„მეორადი ტანსაცმელი არ კონტროლდება და არც გეგმაშია“ – „შეიძლება შეიცავდეს ტყვიას, კადმიუმს…”

საქართველოში არც მეორადი და არც პირველადი ტანსაცმელი არ კონტროლდება და არც გეგმაშია. ამის შესახებ სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ კობალაძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, მეორადი ტანსაცმლის მოხმარება რომ იზრდება, ეს გლობალური კლიმატის ცვლილებების პირობებში, ცუდი არ არის, თუმცა კონტროლი აუცილებელია, რადგან ის სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებს შეიძლება შეიცავდეს.
„პირდაპირ გეტყვით, რომ არ კონტროლდება და არც გეგმაში არ არის ამის გაკონტროლება (არც მეორად და არც პირველად ტანსაცმელთან დაკავშირებით).
გლობალური კლიმატის ცვლილების პირობებში ცუდი სულაც არ არის რომ მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობა იზრდება, პირიქით, ეს გადაჭარბებულ დამოკიდებულება მსოფლიოსი მოდაზე, ძალიან ხშირი ცვლილება ტანსაცმლის დიზაინის და ა.შ. საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება გარემოზე, რადგან ბევრი ასეთი ტანსაცმელი თავის ადგილს პოულობს სანაგვეზე და მსოფლიოში ცნობილიც კი არის, საერთაშორისო მედია აშუქებს საკმაოდ ხშირად, ტანსაცმლის ასეთ სანაგვეებს, რომელიც მსოფლიოს ძირითადად განვითარებად ქვეყნებში არის ხოლმე. აქედან გამომდინარე, თავისდათავად, ცუდი არ არის მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობის ზრდა.
ტანსაცმელი რეალურად არის საფრთხის შემცველი იმ მასალიდან და იმ საღებავებიდან გამომდინარე, რომლითაც იღებება ეს ტანსაცმელი. ალერგია არ არის მხოლოდ ერთადერთი საფრთხე (აქაც, გააჩნია ალერგიას), კიდევ არის საფრთხე – ქიმიური ნივთიერებები, რომელსაც შეიცავს, შეიძლება შეიცავდეს ტყვიას, კადმიუმს. განსაკუთრებით ისეთი ტიპის სამოსი, რომელიც პირდაპირ შეხებაში მოდის კანთან, განსაკუთრებით, სიცხის დროს, ფორები იხსნება და ხდება ამ მავნე ნივთიერებების შეწოვა. ეს ქიმიური ნივთიერებები ერთხელ, ორჯერ და სამჯერ არაფერს გვიზამს, მაგრამ ეს ყველაფერი გროვდება ორგანიზმში და შემდეგ იწვევს სხვადასხვა დაავადებებს.
ჩვენი ორგანიზაცია წლებია გავიძახით, ეს მდგომარეობა, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, რომ თითქმის არაფერი კონტროლდება (სამომხმარებლო პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ყოველდღიურად), ეს არის კატასტროფა“,- განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ