მენეჯერთა გადამზადების პროგრამა გერმანიის დაფინანსებით – “აწარმოე საქართველოში” მსურველებს იწვევს

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მენეჯერთა გადამზადების პროგრამაში მონაწილეობისთვის მსურველებს იწვევს. აღსანიშნავია, რომ პროგრამას მთლიანად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) აფინანსებს.
როგორც BMG-ის „აწარმოე საქართველოში“ განუცხადეს, წელს 50 მენეჯერის გადამზადება იგეგმება.
აპლიკაციების მიღების ვადა 22 თებერვლამდეა.
სააგენტოს ინფორმაციითვე, “Partnering in Business with Germany” გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს გლობალური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ყოველწლიურად, გერმანულ ბაზარზე შესასვლელად, მთელი მსოფლიოდან 1000-ზე მეტი მენეჯერის გადამზადება ხდება.
„პროგრამა მოიცავს როგორც ტრენინგებს, ასევე ვიზიტებს გერმანულ კომპანიებში და ინდივიდუალურ შეხვედრებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.
საქართველო პროგრამას 2016 წელს შეუერთდა, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის. 2021 წელს კი, მემორანდუმის გახანგრძლივებას მოეწერა ხელი.
ამ პერიოდიდან მოყოლებული, პროგრამაში 250-ზე მეტმა მენეჯერმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სექტორიდან“, – განუცხადეს BMG-ის სააგენტოში.
როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კურსის გამო, ევროკავშირის ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან გაუარესებული ურთიერთობა აღნიშნული პროგრამის შეფერხება არ გამოუწვევია, რაც „აწარმოე საქართველოში“ დაგვიდასტურეს.
გერმანიამ საქართველოსთან €237 მილიონის პროექტები შეაჩერა – პეტერ ფიშერი
დეტალური ინფორმაცია მენეჯერთა გადამზადების პროგრამის შესახებ:
პროგრამის ძირითადი მიზნები:
• გერმანიის ბიზნესმენეჯმენტის პრაქტიკისა და გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა;
• გერმანიაში უახლესი მწვანე ტექნოლოგიების, წარმოების სისტემებისა და სერვისების გაცნობა;
• გრძელვადიანი ბიზნეს პარტნიორობის ფორმირება გერმანულ კომპანიებთან;
• საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება;
• თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დანადგარების შესახებ ინფორმაციის მიღება;
პროგრამაში მონაწილეობა (სამიზნე ჯგუფი):
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი რგოლის მენეჯერებს, კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, გერმანულ კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყებით, გაღრმავებით ან/და გააქტიურებით.
აუცილებელი მოთხოვნაა, კომპანია 3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე.
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
• უმაღლესი განათლება, ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით;
• ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;

გლობალური პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე პროგრამა ადაპტირდა ვირტუალურ ფორმატზე და შედგება 3 ფაზისგან:
• I ფაზა – მონაწილეებს საშუალება ექნებათ 8 კვირის განმავლობაში ონლაინ დაესწრონ სასწავლო კურსებს და სემინარებს;
• II ფაზა – ვირტუალური პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში. 6 თვის განმავლობაში კონტაქტი ექნებათ გერმანულ ტრენინგ ცენტრთან;
• III ფაზა – ვირტუალური პროგრამის დასრულებიდან 6-12 თვის ვადაში მონაწილეებს მიიწვევენ 3 კვირით გერმანიაში, სადაც ისინი ჩაერთვებიან სემინარებში, შეხვდებიან გერმანელ მენეჯერებს და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთან, საშუალება ექნებათ გამართონ ინდივიდუალური შეხვედრები და გააფორმონ ხელშეკრულებები გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან.
შერჩევის პროცესი:
• დაინტერესებული პირი ავსებს სააპლიკაციო დოკუმენტებს და აგზავნის სააგენტოში ელექტრონული ფორმით;
• მიღებული აპლიკაციები გადაირჩევა GIZ-ის და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გუნდის მიერ;
• შერჩეულ აპლიკანტებთან შესაძლოა ჩატარდეს გაცნობითი ონლაინ შეხვედრა;
• გაიმართება გასაუბრება შერჩეულ აპლიკანტებთან;
• საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან და აცნობებენ პროგრამაში მონაწილეობის შესახებ;