მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„როცა მოვედით, არ იყო პოლიცია. მხოლოდ აქტივისტები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ვიყავით. ე.წ. ტიტუშკა შემხვდა და ჩემკენ გამოიქცა და თავში ჩამარტყა“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ამ დროისთვის, თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან სამართალდამცველებს ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო!“ „რუსებო“!
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, დაპირისპირების ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის. მისი თქმით, შემთხვევის ადგილას პოლიცია ერთი წუთის განმავლობაში მივიდა და ვითარება მალევე დარეგულირდა.
„შემთხვევიდან 1 წუთში ადგილზე იყო პოლიცია. მოსვლიდან მალევე დარეგულირდა ვითარება. ორივე მხარეს არიან ნაცემები. მათ შეუძლიათ მიმართონ საგამოძიებო უწყებას. ამ კონკრეტულ ლოკაციაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი რეაქცია მივიღეთ. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, არავინ არის დაკავებული“, – განაცხადა გოგა მემანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთასა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება პერიოდულად იძაბება.
