მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბრის დილას, მშვიდობიანი აქციის დროს დაკავებულმა ერთმა პირმა დიღმის დროებითი მოთავსების, ხოლო რვამ ზაჰესის იზოლატორი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ადმინისტრაციული წესით ჩადენილ დანაშაულს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ედავება.
დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ დაკავებულები ჰყვებიან, რომ საპოლიციო ძალებმა მათზე დაკავებისას ფიზიკურად იძალადეს, იზოლატორში გადაყვანის შემდეგ კი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
“დაკავების პროცესში იყო ძალადობა, იდენტიფიცირება სავარაუდოდ შესაძლებელია, რადგან ბევრი კამერა იყო იქ და თვითონ ოპერატორებიც იღებდნენ. სადღაც, 6-7 ადამიანი მონაწილეობას ჩემ ცემაში, ძალიან დიდი ჭიდაობა იყო. სხვები არ მახსოვს იმიტომ, რომ ყელით ვეჭირე და ზოგი უკნიდან მირტყამდა თავში, ზოგი საიდან მოდიოდა ვინ მირტყამდა ვერ ვიგებდი, ბევრი მირტყეს, სიმართლე გითხრათ, თმებითაც მითრიეს. შემდეგ უკვე განყოფილებაში, რომ გადამიყვანეს იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა,” – ამბობს საბა სხვიტარიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი ერთი თვის ვადაში უნდა ჩაინიშნოს. პროცესის დასრულების შემდეგ კი ცნობილი გახდება, ცნობს თუ არა სასამართლო დაკავებულ პირებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად.
19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე, სულ 16 პირი დააკავეს, მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს გამოუშვეს.