სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის, ვანო მეჭურჭლიშვილის ინფორმაციით, მელიორაციის სექტორის მიმართ ფერმერებს ნდობა გაეზარდათ.
როგორც ვანო მეჭურჭლიშვილი გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აღნიშნავს, ამჟამად, ფერმერები პროცესში მეტად ჩართულნი არიან.
“მელიორაციის სექტორის შედეგები შემიძლია შემოგთავაზოთ, რომელიც არა მარტო, ფერმერებისთვის, არამედ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ძალიან საინტერესოა. კერძოდ, მელიორაციის სექტორში წყლის მოხმარება დასაშვებია შეთანხმებულ პერიოდში და შეთანხმებული მოცულობით. თუ შეუთანხმებელ პერიოდში წყალს მოიხმარ, ამით ის ფერმერი ზიანდება, ვისთვისაც წყალი განკუთვნილი იყო.
გასულ წელს განსაზღვრული გეგმა გვქონდა, რადგანაც კომისიამ მელიორაციის საქმიანობა შეაფასა. მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ გარკვეული ხარვეზები გამოგვესწორებინა. მელიორაციის კომპანიას მომხმარებელთა მიმართებით სისტემურად უნდა ემოქმედა – გაეგზავნა შეტყობინებები და თითოეული მომხმარებელი შეეფასებინა. საერთო ჯამში, მომხმარებელმა სისტემას მეტი ნდობა გამოუცხადა”, – აცხადებს სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი.
სექტორის წარმომადგენელი გამოწვევების შესახებ დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა მიწოდების წერტილების განსაზღვრა და მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიებთან ახლოს გადაწევაა.
“თავად ფერმერები აღნიშნულ პროცესში, თუ არ ჩაერთვებიან ცალმხრივად მოქმედება ძალიან რთულია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. აუცილებელია, ფერმერები გააქტიურდნენ”, – აღნიშნავს ვანო მეჭურჭლიშვილი.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ მელიორაციის დარგის ინტენსიური დაფინანსება 2012 წლის მიწურულიდან დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შპს “საქართველოს მელიორაცია” ატარებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ისეთ ობიექტებზე, რომლებზეც სამუშაოები რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ ჩატარებულა. კომპანია, ასევე, ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების მიმწოდებელია ქვეყანაში.
დღეისათვის წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 165 000 ჰექტრამდე გაიზარდა, ხოლო დაშრობა 45 000 ჰექტარზე ხორციელდება. ამასთან, მელიორაციის სექტორში წყლის მოხმარება დასაშვებია შეთანხმებულ პერიოდში და შეთანხმებული მოცულობით.




