“ნურავინ ნუ წარმოაჩენს, რომ ჩვენსა და ლელოს შორის, ან თუნდაც ევროპულ საქართველოს შორის არის რაღაცა სტრატეგიული შეუთანხმებლობა” – ამის შესახებ პარტია ახალის ერთერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, “დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ყველა მნიშვნელოვან საკითხში, რომ არის სრული თანხვედრა”.
“აქ ვერ ვხედავ ვერანაირ ტრაგედიას, მთავარია, ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც ჯერჯერობით არის განცალკევებულად, ძალიან სწრაფად დაბინავდეს ძლიერ პოლიტიკურ ცენტრში. და ეს ასე მოხდება” – ამბობს მელია.
კითხვაზე, ევროპულ საქართველოსთან თუ აპირებს მათი პლატფორმა მოლაპარაკებებს, ის ამბობს – “იცით რა, ეს ორივე მხარეზეა დამოკიდებული”.
“მე დარწმუნებული ვარ, მინდა მჯეროდეს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია განცალკევებულად არ უნდა ასპარეზობდეს, არ შეიძლება ამ შეცდომის დაშვება, ყველა პარტიამ თავის თავი უნდა იპოვოს და არჩევანი არსებობს რამდენიმე ოპოზიციურ ძლიერ ცენტრს შორის უნდა აირჩიოს ერთერთი” – თქვა ნიკა მელიამ.
8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკურენტი პარტიების ჩატარებული კვლევით მათ პარტიას მზარდი რეიტინგი აქვს და სწორი კამპანიის პირობებში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება. ამის მიუხედავად, ევროპული საქართველო თვლის, რომ ყველაზე სასარგებლო და სწორი გზაა იმ ტიპის პოლიტიკური ცენტრების შექმნა, რომელიც ჯამში მეტ ხმას მოუტანს ოპოზიციურ ამომრჩეველს.
გიგა ბოკერიას თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ საუკეთესო სინერგია ევროპული საქართველოს, ახალის და ლელოს გაერთიანებას აქვს, რომელიც 2.5%-ით მეტ შედეგს დებს, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მათ კვლევის შედეგების გაცნობამდე და ამის შემდეგაც მიმართეს ამ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობას. თუმცა, მათგან მხოლოდ დუმილი და სატელევიზიო ზოგადი განცხადებები მიიღეს.
“რეალური მოლაპარაკებების პროცესი, რომელშიც ბევრი რამეა სწრაფად გასარკვევი, რათა ამომრჩეველმა ნათლად დაინახოს სურათი, არსად არ მიდის, პრაქტიკულად ჩიხშია შეყვანილი.
ჩვენ არ ვიცით, რა არის ამის მიზეზი, არ გვინდა სპეკულირება, თუმცა, ფაქტია, რომ ერთერთი მთავარი კრიტერიუმი ჩვენთვის ამ გაერთიანების იყო და არის მკაფიო დისტანცირება, გამიჯვნა და დაგმობა იმისა, რასაც ვხედავთ კეზერაშვილ-სააკაშვილის ალიანსში, ვგულისხმობ ბელადომანიას, კერპთაყვანისმცემლობას, რომელიც ჰგავს ქართული ოცნების სტილს და ჩრდილოვანი ოლიგარქიული მართვის მცდელობას.
ეს არის მიზეზი, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ეგოები თუ ორივე ერთად, ამის მიუხედავად, ჩვენ სრულ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია მათი მხრიდან მხოლოდ სატელევიზიო განცხადებების გაკეთება და ამ კითხვებზე, თუ რატომ არ მიდის ეს პროცესი წინ და რატომ შევიდა ჩიხში, მათ უნდა გასცენ პასუხი” – თქვა ბოკერიამ.
9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ახალი და დროა-გირჩი მეტი თავისუფლება საარჩევნოდ გაერთიანდნენ, რასაც ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა კეზერაშვილ-სააკაშვილის ტანდემის პოლიტიკური სუბიექტი უწოდა.
ამის შემდეგ, ნიკა მელიამ დაწერა, რომ “დაინტერესებულმა პირებმა” საარჩევნოდ გაერთიანებული ახალის, გირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას დასაკნინებლად კონკრეტული პირების გავლენის არსებობაზე სპეკულაცია დაიწყეს, თუმცა, მისი მტკიცებით, აღნიშნული პლატფორმა “არის და იქნება ჩრდილოვანი გავლენებისგან თავისუფალი”.
მას თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა და დაწერა, რომ “ძალიან დამაჯერებელია, ჩრდილოვანი გავლენებისგან ძააან “თავისუფალი” მელია რომ ჩრდილოვან გავლენას თავდაუსხმელობას უცხადებს კეზერაშვილის ჯუჯალარებთან ერთად და პარტნიორად გვარამია ჰყავს, რომლის არხიც თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს და საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალ არჩევანს ართმევს”.
“ნეტა თუ აცნობიერებს, რა ელის ყველა მხრიდან (ჩვენი ჩათვლით, ცხადია – ჩვენი კამპანიის ძირითადი ხაზი იქნება ოლიგარქიული გავლენის მხილება როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში)”. – წერს ჩერგოლეიშვილი.