ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ნიკა მელიას ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეოთხე ბრალი წაუყენეს, ამჯერად, მოსამართლის „სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის“.
პროკურატურის განცხადებით, „შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე ნიკანორ მელიამ სასამართლოს უპატივცემულობა ჩაიდინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა“.
ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„ვინაიდან ნიკანორ მელია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, პროკურატურა სასამართლოს წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს“, — აცხადებს პროკურატურა.
ნიკა მელია მსჯავრდადებულია წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე მას მისჯილი აქვს 1,5 წლით პატიმრობა.
მელიას ასევე ბრალი აქვს წაყენებული ე.წ. საბოტაჟის საქმეზე.




