„ნოდარ მელაძის შაბათის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა ინფორმაციით, პატიმარი, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, პატიმრობაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილს ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდა, 28 წლის კახი მეტრეველია.
საგამოძიებო ჯგუფის მტკიცებით, კახი მეტრეველი უკვე ათი წელია სასჯელს რამდენიმე მუხლით, ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. როგორ აღმოჩნდა ის სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულებიდან გლდანის ციხის იმ საკანში, სადაც ბაჩიაშვილი იმყოფებოდა, ამ კითხვაზე პასუხი კახი მეტრეველის ოჯახის წევრებს, მათ შორის, არც დედას არ აქვს.
როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, თავდამსხმელის ვინაობის დადგენა “შაბათის ეთერმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის მიერ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმიდან მეორე დღეს გამოცემული განჩინების შესწავლის შემდეგ შეძლო.
2025 წლის 12 ივლისით დათარიღებულ განჩინებაში, მოსამართლე კალატოზიშვილმა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინპექციის მიერ ბაჩიაშვილის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები კანონიერად სცნო. ჟურნალისტები ამბობენ, რომ სწორედ ამ დოკუმენტში იპოვეს მათ ის პატიმარი, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს დაესხა თავს.
პატიმრის ოჯახის წევრების თქმით, კახი მეტრეველს ციხე რამდენიმე კვირაში უნდა დაეტოვებინა, რადგან აგვისტოში მისი პატიმრობის ვადა სრულდება.
ჟურნალისტების ინფორმაციითვე, 28 წლის პატიმარი ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ერთ-ერთი კორპუსის ე.წ. მაყურებელი იყო. ამჟამად ის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, პატიმრობაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა. მალევე, გიორგი ბაჩიაშვილის ვრცელი წერილი გაავრცელეს, მისმა ადვოკატებმა, სადაც პატიმარი წერს, რომ მას, 11 ივლისს, ფიზიკურად გაუსწორდა საკანში მისთვის უცნობი პირი. მისივე ინფორმაციით, მანამდე, 8 ივლისს, ის #8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა.
გიორგი ბაჩიაშვილს დასჭიდა სამედიცინო დახმარება. 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს #8 დაწესებულებაში. მომდევნო დღეს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რომლითაც უწყება ციხეში გიორგი ბაჩაშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა, ეს იყო „მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“.
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.
ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი”, – აცხადებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
წითელ ხიდსა და სადახლოს შორის დაახლოებით 20 კმ-იანი მონაკვეთია. სუსი არ აზუსტებს, სომხეთის საზღვართან იყო ის თუ აზერბაიჯანის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ბაჩიაშვილი დააკავეს „გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად”.
გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან ფარულად იყო წასული და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს” და მას წამების საფრთხე ემუქრება.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.
პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
ფორუმი
