მეთოფიშვილის თქმით, ყველა მექანიზმით შეეწინააღმდეგებიან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი პირად „ფეისბუკ“ გვერდზე ვრცელ წერილს აქვეყნებს და იმ მოსამართლეებს აკრიტიკებს, რომლებიც სასამართლო სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე დანიშნულ პირთა კეთილსინდისიერების შემოწმებას არ ეწინააღმდეგებიან.
მეთოფიშვილი განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებს არაკოლეგიალობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველი მოწოდებების გაჟღერებაში ადანაშაულებს.
მოსამართლე აპელირებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, რომელიც ის პირებია ჩამოთვლილი, რომლებსაც ეს მექანიზმი შესაძლოა შეეხოს უზენაესის სწორედ ის ორი მოსამართლე არაა, რომლებმაც ე.წ. ვეტინგის წინააღმდეგ განცხადებას მხარი არ დაუჭირეს.
თუმცა, ორგანიზაციას ამავე განცხადებაში თავადვე ჰქონდა განმარტებული ამის მიზეზი. „სასამართლოს გუშაგი“ აღნიშნავდა, რომ ნინო ბაქაქურსა და ეკატერინე გასიტაშვილს უზენაეს სასამართლოში საქმიანობის ვადა ეწურებოდათ და შესაბამისად, შემოწმებას ის პირები უნდა დაექვემდებარებოდნენ, რომლებიც მათ ვაკანტურ თანამდებობებს დაიკავებდნენ. სწორედ ამასთან დაკავშირებით მეთოფიშვილი აცხადებს, რომ — „სწორედ ეს 2 მოსამართლე „რატომღაც“ ამოღებულია ე.წ. ვეტინგის სიიდან, უზენაესი სასამართლოს სხვა 25 მოსამართლე კი ვეტინგის პროცედურას ექვემდებარება, მავანთა მოთხოვნით“.
ის, რომ ბაქაქურს სამოსამართლეო უფლებამოსილება 7 თვეში ეწურება, სერგო მეთოფიშვილს საკუთარი განცხადების დასკვნით ნაწილში თავადაც აქვს ნახსენები და ამბობს:
„ნინო ბაქაქურს სამოსამართლეო 10-წლიანი ვადა ეწურება დაახლოებით 7 თვეში და შესაბამის ვაკანსიაზე ამჟამად გამოცხადებულ კონკურსში იგი აღარ მონაწილეობს. შესაბამისად, დარჩენილი რამდენიმეთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს თანამდებობას და რა ვეტინგზე საუბრობს საკუთარ თავთან მიმართებით, მეტად საინტერესოა,“ — აცხადებს მეთოფიშვილი.
მეთოფიშვილი სხვა მოსამართლეებთან დაკავშირებითაც საუბრობს, რომლებმაც აღნიშნული მექანიზმი არ გააკრიტიკეს და ამბობს, რომ არცერთი მათგანი არ ხვდება აღნიშნულ სიაში:
„ეს მოსამართლეები, ერთის მხრივ, მათი კოლეგების გადამოწმების მოთხოვნას მიესალმებიან, ხოლო მეორეს მხრივ ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე ეს მოითხოვეს სასამართლო სისტემის მიმართ საკუთარი ტენდენციურობით გამორჩეულმა სუბიექტებმაც კი და შესაბამისად მთელი სასამართლო კორპუსის, უცხოელების ვეტინგის „წნეხის“ ქვეშ გატარებას მოითხოვენ“ — აცხადებს სერგო მეთოფიშვილი.
თუმცა, სერგო მეთოფიშვილი ამის მიზეზს არც ამ ნაწილში განმარტავს. მიზეზი კი ისაა, რომ 10 მოსამართლიდან, რომლებმაც საკუთარი განსხვავებული პოზიცია ამა თუ იმ ფორმით გამოხატეს, არცერთია სასამართლო სისტემის მმართველ რგოლში დასაქმებული, ევროკომისია კი საქართველოს სწორედ მათი კეთილსინდისიერების გადამოწმებისკენ მოუწოდებს, ვინც საკვანძო თანამდებობებზე საქმიანობს.
ამასთან, მეთოფიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული პროცედურის დანერგვის შემთხვევაში, მოსამართლეები უნდა შემოწმდნენ მათი „ქონების, პროფესიონალიზმისა და პიროვნულ-პროფესიული წესიერების“ მიხედვით. ამდენად, მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის შესწავლაზე; შემოწმება მოიცავს ასევე სამოსამართლო საქმიანობის სხვა ასპექტებსაც კვალიფიციურობის, მოწესრიგებულობის გადამოწმებას (მათ შორის – საქმეთა განხილვისას საპროცესო ვადების დაცვის საკითხებსაც:
„რის შედეგადაც, საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ საქმეთა სიმრავლის პირობებში, საკმაოდ ადვილი იქნება – ნებისმიერ, ე.წ. ვეტინგის ჩამტარებელი სუბიექტისათვის არასასურველ მოსამართლეს შეუქმნან პრობლემები ამ თვალსაზრისით, იმის მიუხედავადაც, რომ საპროცესო ვადების დაცვა ობიექტურად არის შეუძლებელი“ — აცხადებს სერგო მეთოფიშვილი.
მეთოფიშვილი საკუთარ განცხადებაში კიდევ ერთხელ ესხმის თავს ნინო ბაქაქურსა და ეკატერინე გასიტაშვილს და ამბობს, რომ საყურადღებოა, რომ უზენაესი სასამართლოს სწორედ ზემოთ ხსენებული 2 მოსამართლის მიმართ გაიცა -ის საელჩოსგანაც და ევროპული სტრუქტურებისგანაც უპრეცედენტო, კონსტიტუციის საწინააღმდეგო რეკომენდაცია მათი თანამდებობებზე ყოველგვარი კონკურსის გარეშე პირდაპირ უვადოდ გადანიშვნის თაობაზე, მაშინ როდესაც იმავე აშშ-ს და ევროსტრუქტურების მოთხოვნით საქართველოში დაინერგა აქამდე უპრეცედენტო, უმაღლესი სტანდარტის ურთულესი პროცედურა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გასამწესებლად.
განცხადების ბოლოს, სერგო მეთოფიშვილი წერს, რომ ალბანეთში მოქმედი დაახლოებით 280 მოსამართლიდან 35 მოსამართლემ დატოვა თანამდებობა პირადი განცხადებით, დაახლოებით 1/3-მა შეინარჩუნა თანამდებობა, დანარჩენი დაახლოებით 150 მოსამართლე განდევნილ იქნა სისტემიდან ე.წ. ვეტინგის საფუძველზე:
„აღსანიშნავია, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა, რომელიც 2015-2016 წლებიდან დაიწყო, ჯერ კიდევ დასრულებული არ არის და მისი თავგადადებული მომხრეებიც კი ვეღარ პროგნოზირებენ, თუ როდის დასრულდება, ან საერთოდ მიიღწევა კი ის მიზნები (სამართლის უზენაესობის, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა და ა.შ.), რასაც ე.წ. ვეტინგი ემსახურება. ბოლომდე პარალიზება გაუკეთდა უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს, სადაც თითო მოსამართლე დატოვეს მხოლოდ და ა.შ“ — აცხადებს მეთოფიშვილი.
ში კი მისი თმით, ე.წ. ვეტინგის 1-ლი ეტაპი დაიწყო 2016 წელს, რის შედეგადაც 2000-მდე მოსამართლემ დატოვა თანამდებობა, რომელთა არასრული ჩანაცვლებაც მოხდა მისი თქმით, „სასურველი“ კადრებით:
„ამას მოჰყვა კრიზისი სასამართლო სისტემაში, კადრების უკმარისობის გამო, რაც უარყოფითად აისახა მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე“ — აცხადებს სერგო მეთოფიშვილი.
ბოლოს კი აღნიშნავს, რომ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში უქმდება მოსამართლეთა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა(და შესაბამისად შემდეგი წლიდან ყველა მოსამართლე უვადოდ გამწესდება საპენსიო ასაკამდე, გამოსაცდელი ვადის გარეშე) რაც ,მისი თქმით, აშშ-ის და ევროკავშირის კატეგორიული მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში:
„მათი მოსაზრებით გამოსაცდელი ვადა ზღუდავდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობას. ახლა კი იგივე სუბიექტები ითხოვენ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სრულ, ხელახალ შემოწმებას, რაც თითოეულ მათგანს თავის დროზე გავლილი აქვს. ამდენად, ასე პერიოდულობით იგივე წარმატებით შეიძლება ვეტინგის მოთხოვნა როცა მავანს მოესურვება, რაც ცალსახად სასამართლო სისტემის და ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შემლახველ აშკარა მოდელს შექმნის. ამ ლოგიკით ბარემ ვეტინგის მომხრეებმა მოითხოვონ, რომ ჩაიწეროს პირდაპირ კანონში, რომ როდესაც მათ (აქაურ არასამთავრობოებს და რიგ დონორებს) მოესურვებათ სასამართლო სისტემაში ჩატარდეს ე.წ. ვეტინგი ანუ გახსნილად გამოცხადდეს „მოსამართლეებზე ნადირობის სეზონი“. და ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ძალიან მწარე გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანას იმ „არაოფიციალური ვეტინგის“, რომელიც სასამართლო სისტემაში 2004-2005 წლებში ჩატარდა და მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა განდევნილ იქნა სისტემიდან, მაშინაც სწორედ „სასამართლოს გაჯანსაღების“ ლოზუნგის საფარქვეშ“ — აცხადებს სერგო მეთოფიშვილი.
მოსამართლე წერს, რომ ის და მისი კოლეგები მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ხელახალი შემოწმების მექანიზმს ეწინააღმდეგებიან არა იმიტომ, რომ რაიმე სახის შემოწმების ეშინიათ, არამედ მას სასამართლოს სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევენ:
„მე და ჩემი კოლეგების უდიდესი უმრავლესობა, მთელი ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმებით, ბოლომდე შევეწინააღმდეგებით ე.წ. ვეტინგის შემოღებას საქართველოში, არა იმის გამო, რომ რაიმე სახის შემოწმების გვეშინია, როგორც ამას აბსოლუტურად უსაფუძვლოდ სახავენ ჩვენი მოწინააღმდეგენი, არამედ ე.წ. ვეტინგის ზემოთ აღწერილი უკიდურესად უხეში, არალეგიტიმური ფორმის, ასევე – სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფის და ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახავი ეფექტის გამო!“, — წერს მოსამართლე მეთოფიშვილი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, სულ მცირე, 10 მოსამართლეა, ვინც არ ეწინააღმდეგბა საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეების კეთილსინდისირების შემოწმების მექანიზმს. მეტიც, ზოგიერთი მათგანი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუ მსგავსი მექანიზმი კანონით დაინერგება, თავად მისი კეთილსინდისიერებაც შემოწმდეს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე არ მუშაობს.
ვრცლად მათი პოზიციები წაიკითხეთ: ათი მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა