მეთიუ მილერის ცნობით, სანქციებზე მუშაობას აგრძელებს

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ისაუბრა სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ბოლო სანქციებზე და თქვა, რომ აგრძელებს სანქციებზე მუშაობას.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დამატებით ზომებს იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს სხვა ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის სამართალდამცველ და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ძალადობაში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი ძალაუფლება ძირითადი თავისუფლებების შესაზღუდად”, – აღნიშნა მილერმა.

მილერი მიუთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ და ძალადობრივ რეპრესიებზე, მათ შორის ბოლო დროს გამართული დემონსტრაციების დროს. მისი თქმით, დღევანდელი ნაბიჯი გაგრძელებაა აშშ-ის მიერ გასულ კვირას, ასევე, სექტემბერში გამოცხადებული სანქციების და კოორდინირებულია ბრიტანეთის, ასევე, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ბოლო გადაწყვეტილებებთან.

„აშშ მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების განგრძობით სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიის წარმომადგენლებისადმი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ვრჩებით ერთგული, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც მონაწილეობდა ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიული მომავლის ძირის გამოთხრაში”, – აღნიშნა მილერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?