მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში კვერცხი ყველაზე ძვირია
ქვეყნების მიხედვით, სუპერმარკეტებში კვერცხი (სტანდარტული 12-ცალიანი შეფუთვა) ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და 7.37 დოლარი ღირს, ყველაზე იაფი კი ინდოეთშია. ამ შემთხვევაში ფასი 97 ცენტს შეადგენს.
Numbeo-ს რეიტინგიდან ირკვევა, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კვერცხი ყველაზე ძვირია. კერძოდ, 126 ქვეყანას შორის საქართველოს 72-ე ადგილი ერგო. მონაცემების მიხედვით, 12-ცალიანი შეფუთვის ფასი აქ საშუალოდ 2.35 დოლარს შეადგენს.
საქართველოს რეიტინგში მოსდევს თურქეთი, სადაც კვერცხის საშუალო ფასი 2.31 დოლარია (73-ე ადგილი). 74-ე ადგილი დაიკავა სომხეთმა, სადაც მარკეტებში კვერცხის ფასი 2.3 დოლარს შეადგენს.
აღნიშნულ ქვეყნებს მოსდევს რუსეთი, რომელმაც რეიტინგში 1.74 დოლარით 105-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე იაფი კი სამეზობლოს ქვეყნებს შორის კვერცხი აზერბაიჯანში ღირს. უფრო კონკრეტულად, 12-ცალიანი შეფუთვის ღირებულება აქ 1.4 დოლარს შეადგენს, რითაც აზერბაიჯანი 120-ე ადგილზეა.
Numbeo-ს თანახმად, კვერცხი ყველაზე ძვირი შემდეგ ხუთ ქვეყანაში ღირს:
· შვეიცარია – 7.37 დოლარი;
· ისლანდია – 6.36 დოლარი;
· ახალი ზელანდია – 6.35 დოლარი;
· ბარბადოსი – 5.39 დოლარი;
· დანია – 4.95 დოლარი.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც კვერცხი ფასი ყველაზე დაბალია, ხუთეული ასე გამოიყურება:
· ინდოეთი – 0.97 დოლარი;
· ირანი – 1.14 დოლარი;
· პაკისტანი – 1.19 დოლარი;
· ბანგლადეში – 1.21 დოლარი;
· ბელარუსი – 1.3 დოლარი.
