სააგენტო ODA DMC-ის დამფუძნებელი ვიკა შარია აცხადებს, რომ ქვეყნის ტურისტული სექტორი საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, კონკურენციას ვეღარ უძლებს, განსაკუთრებით რეგიონალურ დონეზე. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა. მისი თქმით, მეზობელი ქვეყნები კორპორაციული კლიენტების დიდ ნაწილს გვართმევენ.
“ამას იწვევს დაბალი ფასები, სახელმწიფო მხარდაჭერა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. მაგალითად, ბაქოში უკვე ისეთი კონგრესები ტარდება, როგორიცაა NASA-ს 6000-კაციანი ღონისძიება, რაც ჩვენთვის ჯერჯერობით წარმოუდგენელია“, – ამბობს შარია.
მისი თქმით, MICE ტურიზმის ოთხი ძირითადი ბაზრიდან ევროპა ყველაზე პერსპექტიულია, თუმცა ამ მიმართულებით უამრავი ბარიერია.
“ყველაზე დიდი პრობლემაა პირდაპირი ფრენები. ევროპელ “ბაიერებს” სულ ცოტა ხნის წინ ვუმასპინძლეთ და საქართველოს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებით აღფრთოვანებულები დარჩნენ. მაგრამ რეალურად ვერ ვიღებთ მათ ჯგუფებს, რადგან პირდაპირი ფრენების ნაკლებობაა ან ისეთ არახელსაყრელ დროშია ფრენა, რომ კორპორაციას ორმაგი ხარჯის გაწევა უწევს, რომ სტუმარს ღამე გაათევინოს. შესაბამისად, ეს მათ გადაწყვეტილებებზეც აისახება“, – აღნიშნავს ის.
გარდა აღნიშნულისა, შარია ხაზს უსვამს ფაქტს, რომლის მიხედვითაც ყაზახეთის ბაზარი საკუთარ ონლაინ დაჯავშნის პროგრამებს იყენებს, რის გამოც ქართულ ტურისტულ სააგენტოებს თამაშგარე მდგომარეობაში აყენებს, რადგან ტურებს ტურისტები საკუთარი ძალებით გეგმავენ.
“პრობლემაა არის ყაზახეთის ბაზარი, რომელსაც ონლაინ დასაჯავშნი სისტემები სასტუმროებში დაკონტრაქტებული ჰყავს და ფაქტობრივად ჩვენი დახმარება აღარ სჭირდებათ. მაქსიმუმ ერთი ტრანსფერი ან ერთი ექსკურსია დასჭირდეთ, ისიც ცდილობენ, რომ გიდზე თვითონ გავიდნენ. ანუ ყველა ქვეყანა უკვე ცდილობს, რომ ტურის ყველა კომპონენტი თავისი ძალებით უზრუნველყოს.
არავინ აკონტროლებს, ვინ მუშაობს გიდად საქართველოში. ვინც მოისურვებს, ჩამოდის და ჯგუფს ატარებს. მაგალითად, საამიროებში, უცხოელ გიდს ავტობუსში ასვლის უფლებაც არ აქვს”, – ამბობს ვიკა შარია.
Bm.ge
