მეზვრიშვილი ტექნიკურ მთავრობაზე: პროცესი ქარტიის ირგვლივაა შექმნილი – ამ პროცესში ვრჩებით

პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი, ნათია მეზვრიშვილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ის ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს და აღნიშნავს, რომ პარტია “პროცესში რჩება”.

როგორც მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პარტია ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდა და პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ქართულ ქარტიასაც სწორედ ამიტომ მოაწერა ხელი.

“ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი და ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი – ეს შესანიშნავად იცის ქალბატონმა პრეზიდენტმა, როცა ჩვენ შეხვედრაზე პარტიულად ვიყავით მისულები. ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი რომ როგორი ფორმითაც არ უნდა ჩამოყალიბდეს, ტექნიკური მთავრობა ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ არც ოცნების მთავრობა ჩამოყალიბდეს მხოლოდ და არც მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მთავრობა. ამის გამო დავუშვით ის კომპრომისი, რომელიც დავუშვით და ქარტიას ამის გამო მოვაწერეთ ხელი. ამიტომ დაველოდებით როგორი შემოთავაზება იქნება და როგორ იქნება ეს ყველაფერი წარმოდგენილი.

დიდი იმედი გვაქვს, რომ რის გამოც კომპრომისი დავუშვით, ამას ვიხილავთ პრაქტიკაში – არც ოცნების და არც ნაციონალური მოძრაობის მთავრობას, რადგან ჩვენთვის ეს წითელი ხაზია და კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მისთვის ცნობილია ჩვენი პოზიცია რეფორმებზე – ვეთანხმებით, ტექნიკურ მთავრობაზე – დავუშვით როგორც პოლიტიკური კომპრომისი… დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია – როგორ წარმართავს პროცესს. ჩვენ ამ პროცესში ვრჩებით და პროცესში დარჩენა ნიშნავს, რომ ეს პროცესი ქარტიის ირგვლივ არის შექმნილი. ბუნებრივია ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებთ”, – თქვა მეზვრიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებას უკვე გამოეხმაურა კოალიაცია ცვლილებისთვის და აღნიშნა, რომ ქართული ქარტიით გათვალისწინებული შეთანხმებების ერთგულია. პოზიცია ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამაც დააფიქსირა და თქვა, რომ ტექნიკური მთავრობის წარდგენა “პრეზიდენტის პრეროგატივაა და ქართული ქარტიის ერთგულნი არიან”.