პარტია საქართველოსთვის წევრის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამნისტიის კანონით ქართული ოცნება ზონდერების დაუსჯელობის დაპირებას ასრულებს. როგორც მეზვრიშვილი ამბობს, სახელისუფლებო პარტია წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა ე. წ. ზონდერებს და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა.
“ამნისტიის შესახებ კანონმა დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ ოცნება ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა. ხელისუფლება დღეს ათასობით პატიმარს და მათ ოჯახებს ატყუებს, რომ თითქოს მათზე ზრუნვის მიზანი ამოძრავებს. სინამდვილეში კი მათზე ამნისტიას არ ავრცელებს და ჰუმანურობის საფარქვეშ, ზონდერების დაუსჯელობის დაპირებას ასრულებს.
გარიგების თანახმად, ზონდერ ჯგუფებს უნდა ემოქმედათ მაქსიმალურად სასტიკად და იმ მუხლების ფარგლებში, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა. ხოლო სახელმწიფო უწყებებს ხელი უნდა დაეფარებინათ ხელისუფლებისთვის, არ დაეშვათ გამოძიების დაწყება ისეთი მუხლებით, რაც ირიბად მაინც მიანიშნებდა ხელისუფლების ბრალეულობაზე და გამოძიება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ფორმალურად იმ მუხლებით დაეწყოთ, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა.
მართლაც, დღეს გამოძიებებს, რომლებსაც უკვე ამნისტია ეხება, ფორმალურად, კანონის დარღვევით – არასწორი კვალიფიკაციით აწარმოებს არაუფლებამოსილი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ გარიგების მონაწილე იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც თვალი დახუჭა “დევნაზე” და განცხადებები შსს-ში გადააგზავნა.
მოვითხოვთ ოცნებისგან: ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს!
მოვითხოვთ პროკურატურისგან, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ სისტემურ დანაშაულზე და მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია ყველა საქმეს, რომელიც გარიგების ნაწილია, რითაც დაადასტურებს, რომ თავადაც არ არის დანაშაულებრივი გარიგების ნაწილი” – თქვა მეზვრიშვილმა.
ქართულმა ოცნებამ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, “ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება”.