მეზვრიშვილის თქმით, პაპუაშვილის განცხადებებზე პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, ს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია და გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის ნაცვლად, გასაუბრებაში მონაწილეობა სთხოვეს.
მისი თქმით, უწყებას აღნიშნული პროცედურა პარლამენტის თავმჯდომარისთვის „ხელის დაფარების გასამართლებლად“ სჭირდებოდა, რისი საშუალებაც არ მისცა.
„პროკურატურაში მივედი, გამოძიება დაწყებული არ ჰქონდათ. არადა განცხადებები შეიცავს დანაშაულის ნიშებს და პროკურატურა ვალდებულია ავტომატურად დაიწყოს გამოძიება. მეტიც, მე რომ არ შემეტანა, თავად უნდა დაეწყოთ. მაინც მივედი – პატივს ვცემ ინსტიტუციას და საჯარო მოხელეებს. ნაცვლად გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისა, მოითხოვეს მონაწილეობა გასაუბრების პროცედურაში, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. ეს უკანონო პროცედურა სჭირდებოდათ პარლამენტის თავმჯდომარისთვის ხელის დაფარების გასამართლებლად. ბუნებრივია, ამის საშუალება არ მივეცი,“ — ამბობს მეზვრიშვილი.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით, კიდევ ერთხელ დააფიქსირა გამოძიების დაწყების მოთხოვნა და მზაობა გამოთქვა გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე:
„შევადგენინე კანონიერი ოქმი, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირე მოთხოვნა გამოძიების დაწყებაზე და გამოვხატე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის (ანუ კანონიერ პროცესში მონაწილეობის) მზაობა. ოქმში ბუნებრივია, არ ჩავაწერინე ის, რაც უნდოდათ (რომ დამეფიქსირებინა უარი ინფორმაციის მიწოდებაზე).
ასევე, მოვითხოვე გამოძიების დაწყებაზე დასაბუთებული, წერილობითი უარი. მოგიწოდებთ, გამოაქვეყნოთ ოქმი (რომელზეც ჩემი ხელმოწერა) და ველოდები წერილობით პასუხს გამოძიების დაწყებაზე უარზე. საზოგადოებას შევახსენებ, დღეს პროკურატურამ უარი თქვა კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე – დანაშაულზე რეაგირებაზე და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იქცა ყველა შემდგომი ძალადობის თანამონაწილედ,“ — ამბობს მეზვრიშვილი.
დღეს, 21 აგვისტოს პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი პროკურატურაში დაიბარეს მის მიერ შალვა პაპუაშვილზე შეტანილი განცხადების თაობაზე.
როგორც მეზვრიშვილი ამბობდა, პროკურატურას განცხადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ ძალადობისკენ მოწოდებებზე:
„პროკურატურის როლი მნიშვნელოვანია ძალადობის აღკვეთაში და ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში. ვიმედოვნებ, გამოძიება დაწყებული დამხვდება და სათანადო რეაგირება ერთი თვის დაგვიანებით მაინც განხორციელდება, რომ შემდგომი ძალადობის პრევენცია მოხდეს“, — აცხადებს მეზვრიშვილი.
გენერალური პროკურორის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში მეზვრიშვილი შალვა პაპუაშვილის ორ, 26 ივლისისა და 11 ივნისის განცხადებებზე მიუთითებდა.
ვრცლად წაიკითხეთ: მეზვრიშვილი პროკურატურაში პაპუაშვილზე შეტანილი განცხადების თაობაზე დაიბარეს