მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა ღრმავდება – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ჩინეთის ნინსიას პროვინციიდან მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მეცნიერთა ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა.
სტუმრებს ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაძლებლობები, მიმდინარე კვლევები და სამომავლო გეგმები გააცნო.
„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ნინსიას პროვინციასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, რაც ეფუძნება ოფიციალური მემორანდუმის ფარგლებში ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვისა და გამრავლების კვლევებს და მევენახეობა-მეღვინეობაში ინოვაციურ მიდგომებს. ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ საფუძველი სამომავლო მრავალმხრივი კვლევითი პროექტებისთვის, რომლებიც გაამყარებს ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიურ და სამეცნიერო დიალოგს, ასევე, ხელს შეუწყობს ვაზის ქართული ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაციას ჩინეთის ბაზარზე“, – აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე არსებული ამპელოგრაფიული კოლექცია, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს; დააგემოვნეს ბაზაზე გაშენებული უნიკალური ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშები.
ჩინელმა კოლეგებმა ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე მიმდინარე წელს ნინსიაში დაგეგმილ ტერუარისა და ღვინის კულტურის საერთაშორისო ბიენალეში სპიკერის რანგში მონაწილეობის მისაღებად ოფიციალურად მიიწვიეს. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის პარტნიორ ურთიერთობებს და თანამშრომლობის გაღრმავებას მკაფიოდ ადასტურებს.
ჩინურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ნინსიას პროვინციის ჰელანის რეგიონის ღვინის ინდუსტრიის ზონის ადმინისტრაციული კომიტეტის გენერალური დირექტორი ჰუანგ სიმინგი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მევენახეობა-მეღვინეობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აგრონომიული ინჟინრები, აგრარული კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერები და უნივერსიტეტების პროფესორები.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს