პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალი წარუდგინა.
ცნობისთვის, საუბარია 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე.
“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით დაზარალებული, 2021 წლის 11 აგვისტოს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა. პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.” აცხადებს პროკურატურა.
პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა.
20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გასული წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.
გარდაცვლილის ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩაატარა. ისინი წამლების ზედოზირებაზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ამავე ექსპერტიზის დასკვნით, სასიკვდილო დოზაა.
ამ საქმეზე პროკურატურამ 23 იანვარს ბრალი ექთანს წაუყენა. გამოძიება მას ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავებოდა.