„მედიკამენტებზე 300-დან 3000%-მდე ფასნამატებთან დაკავშირებით 8 კომპანიის მიმართ დავიწყეთ მოკვლევა“ – ირაკლი ლექვინაძე

მედიკამენტებზე 300-დან 3000%-მდე ფასნამატებთან დაკავშირებით 8 კომპანიის მიმართ დავიწყეთ მოკვლევა, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისი თქმით, ესენი არიან ძირითადად ნაკლებად ცნობილი, მაგრამ იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც კონკრეტული მედიკამენტების, ან მათი შემცვლელების ბაზარზე წარმოდგენილები არიან როგორც დომინანტები და უფიქსირდებათ 300-დან 3000%-მდე ფასნამატები. „ჩვენი ამოცანა არის იმის შეფასება აქვს თუ არა ადგილი დომინანტური მდგომარეობის არასათანადო გამოყენებას“, – აცხადებს სააგენტოს თავმჯდომარე.
„რაც შეეხება ფასნამატებს, ეს ახალი ქეისი, თებერვალში დავიწყეთ, ჯანდაცვის სამინისტროს შარშან დეკემბერში მოგვაწოდა ინფორმაცია. 20 მედიკამენტის ჩამონათვალი იყო, სადაც ფიქსირდებოდა საბაჟო ღირებულებიდან საცალო ქსელამდე 300-დან 3000%-მდე ფასნამატები, დავამუშავეთ ეს ინფორმაცია, იდენტიფიცირება გავუკეთეთ 8 კომპანიას, რომლებიც არის ძირითადად ნაკლებად ცნობილი, მაგრამ იმპორტიორი კომპანიები და დავიწყეთ მოკვლევა 8 კომპანიის მიმართ. ეს არიან კომპანიები, რომლებიც კონკრეტული მედიკამენტების, ან მათი შემცვლელების ბაზარზე წარმოდგენილები არიან როგორც დომინანტები და უფიქსირდებათ 300-დან 3000%-მდე ფასნამატები. ჩვენი ამოცანა არის იმის შეფასება აქვს თუ არა ადგილი დომინანტური მდგომარეობის არასათანადო გამოყენებას. წინ საინტერესო პროცესები გველის“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
„ის რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯგუფური დომინირების მოცემულობაა, არახალია და ვიცით. გვყავს 4-5 მსხვილი კომპანია, რომლებიც მაღალი წილებით გამოირჩევიან ბაზარზე. კონკრეტული შემთხვევა, სადაც ჩვენ დარღვევა გამოვავლინეთ ეხებოდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შესყიდვის პროცესში ონკოლოგიურ მედიკამენტების შესყიდვას და მათზე იდენტური ფასების შეთავაზებას. გასული წლის თებერვალში დაფიქსირდა თეთრების სიზუსტით რამდენიმე კომპანიის შეთავაზება და ეს გაჩნდა ჩვენთვის საფუძველი, რომ მოკვლევა დაგვეწყო. მოკვლევა დაიწყო 5 კომპანიის მიმართ.
მომართვა იყო ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომელიც ონკო პაციენტებისთვის ყიდულობს მედიკამენტებს.
9 თვე დაგვჭირდა, გავაანალიზეთ 3-წლიანი პერიოდი. ბევრი ინფორმაცია დამუშავდა, 42 მედიკამენტის შემთხვევაში გამოვლინდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, როცა ზოგჯერ 2, ზოგჯერ 3, ზოგჯერ 4 კომპანიას უფიქსირდებოდა იდენტური ფასი, როცა სახელმწიფო აცხადებს შესყიდვის პროცედურას ამ კონკრეტულ მედიკამენტებზე. ბუნებაში შეუძლებელია, რომ ამდენი შემთხვევა თეთრების სიზუსტით იყო, თუ მხარეებისთვის წინასწარ არაა ცნობილი ერთმანეთის ფასი. 4-მა კომპანიამ რეალურად ვერ შეძლო მტკიცებულებების წარმოდგენა, რომ მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია გარიგებას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.