მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ შენობასთან მედიის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილი სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „რუსთავი 2-ს“ ეთერიდან ჟღერდება ცრუ განცხადებები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ „რუსთავი 2-ის“ ეთერი დაუთმონ მზია ამაღლობელის ადვოკატს, მაია მწარიაშვილს, რათა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ ცრუ ბრალდებებს პასუხი გაეცეს.
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ორი თვის წინ წერილი მისწერეს „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობას, თუმცა ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოსულან.
მოთხოვნას უპასუხა “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა და წამყვანმა, ნინო შუბლაძემ.
“შემიძლია გითხრათ, რომ მაია მწარიაშვილს “რუსთავი 2-მა” და “კურიერმა” შესთავაზა ინტერვიუს ჩაწერა და პოზიციის გამოხატვა, რაზეც უარი მივიღეთ. მოთხოვნა არის აუცილებლად პირდაპირი ეთერი. აქვე, როგორც “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს პრობლემას არ წარმოადგენს მზია ამაღლობელის პროცესების გაშუქება ჩვენს არხზე, მისი მხარდამჭერების პოზიციების გაშუქება. ახლაც მზად ვართ, რომ მაია მწარიაშვილის პოზიცია მოვისმინოთ და მას მივცეთ საშუალება, გასცეს პასუხი იმ ბრალდებებს, რაზეც მას სურს, თუმცა მოთხოვნა – რა ფორმით, რომელ ეთერში, რა გადაცემაში და რამდენი დრო უნდა დავუთმოთ სტუმარს, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს კერძო ტელეკომპანია “რუსთავი 2″ და მსგავსი მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობას”, – განაცხადა შუბლაძემ, რომლის კომენტარსაც “რუსთავი2” ავრცელებს.