9 დეკემბერს, ვილნიუსში, პარლამენტისა და მარტინას მაჟვიდასის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის წინ, რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რათა მედიის თავისუფლების წინაშე არსებული მზარდი საფრთხე და „ლიეტუვის ეროვნული რადიოსა და ტელევიზიის“ შესახებ კანონში მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებები გაეპროტესტებინა.
ადგილზე მყოფმა პოლიციამ სააგენტო „ბალტიკ ნიუს სერვისს“ (BNS) განუცხადა, რომ ლიეტუვის პარლამენტთან დაახლოებით 5 000 – 8 000 ადამიანი შეიკრიბა.
აქცია, სახელწოდებით „ხელები შორს თავისუფალი სიტყვისგან“, ჟურნალისტური გაერთიანებების ორგანიზებითა და „კულტურული ასამბლეის“ მონაწილეობით გაიმართა.
დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „თავისუფალი სიტყვისა და მედიის თავისუფლებისთვის“, „ხელები შორს“ და „აქ არაფერი ყარს, მოგვეცით მუშაობის საშუალება!“. ამ უკანასკნელ პლაკატზე პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, პრემიერ-მინისტრი, ინგა რუგინიენე, „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი, მინდაუგას სინკევიჩიუსი და პარტია „ნიამუნასის განთიადის“ თავმჯდომარე, რემიგიუს ჟემაიტაიტისი იყვნენ გამოსახულნი.
„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მთავრობამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლი არ დაამყაროს. მადლობა ათასობით ადამიანს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი მედიის დასაცავად ჩვენს გვერდით დგახართ“, – მიმართა ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებლის (LRT) რადიოჟურნალისტმა, ედვარდას კუბილიუსმა მომიტინგეებს. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, „საზოგადოებას სიტყვის თავისუფლება წაართვას“.
„ყელში ამომივიდა ზოგიერთი მათგანი, ვინც იქ [პარლამენტში]ზის… ყელში ამომივიდა, რომ კანონი და სასამართლო გადაწყვეტილებები მათზე არ ვრცელდება… ლაპარაკობენ ყველაფერს, რაც მოესურვებათ, ცილს სწამებენ ყველას და საკუთარ სიტყვებზე არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ“, – განაცხადა ჟურნალისტმა.
კუბილიუსის გამოსვლის შემდეგ, სცენაზე მუსიკოსი ანდრიუს მამონტოვასი ავიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ კარგად ახსოვს, როგორ გამოიყურებოდა მედია, „როცა ის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და პოლიტიზებული იყო“. მამონტოვასმა შეასრულა თავისი სიმღერა „გამოიღვიძე“ და პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასაც „გამოღვიძებისკენ“ მოუწოდა.
„ძალიან შემაშფოთებელია იმის ყურება, რაც ხდება […] უკვე ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, ისეთ ქვეყანაში ვიწყებთ ცხოვრებას, რომელიც ჩვენი არ არის“, – განაცხადა პროტესტის მონაწილე კლაიპედის ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა, 47 წლის ვიქტორიამ. მან იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკოსები დემონსტრანტების მოთხოვნებს მოისმენენ და გაითვალისწინებენ.
„უპირველეს ყოვლისა, მათ თაროზე უნდა შემოდონ და შეწყვიტონ LRT-ის დირექტორის შეცვლის შესახებ ცვლილებების განხილვა. ასევე, გადადგან ნაბიჯები სამეურვეო საბჭოს დეპოლიტიზაციისკენ. გვინდა, რომ ეს პროცესები პოზიტიური მიმართულებით წარიმართოს,“ – დასძინა მან.
ვილნიუსის ვალდორფის მწვანე სკოლის 45 წლის მასწავლებელმა, ეგიდიუსმა კი აღნიშნა, რომ დემონსტრაციას შეუერთდა, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს „LRT-ში დირექტორის შეცვლის“ მცდელობებს.
„ეს რაღაც უფრო დიდის დასაწყისია და არ მინდა, რომ მომავალშიც გაგრძელდეს. მინდა, ეს ახლავე დასრულდეს, ყოველგვარი შემდგომი უკან გადადგმული ნაბიჯების გარეშე. უკვე ზედმეტად ბევრი ნაბიჯი გადაიდგა უკან“, – განუცხადა მან სააგენტო „ბალტიკ ნიუს სერვისს“. მისი თქმით, ამჟამად ლიეტუვაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ამდენად, აინტერესებს, რატომ სურთ პოლიტიკოსებს ამის შეცვლა.
„ჩემთვის სიტყვის თავისუფლება ნიშნავს, რომ შემიძლია ვილაპარაკო, შემიძლია სხვებს მივცე ლაპარაკის საშუალება, შემიძლია მოვისმინო არაშეურაცხმყოფელი სიტყვები, შემიძლია ვიკამათო და განვიხილო არგუმენტირებული იდეები“, – განაცხადა მან.
პროტესტის ფონზე, სეიმი განიხილავს ცვლილებებს, რომელიც LRT-ის დირექტორის გათავისუფლებას გაამარტივებს. გარდა ამისა, ლიეტუვის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უკვე დაუჭირა მხარი მომდევნო სამი წლის განმავლობაში მაუწყებლის ბიუჯეტის გაყინვას.
პროტესტის მონაწილე ჟურნალისტები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გათავისუფლების წესში შემოთავაზებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია, ევროპულ სამართალს ეწინააღმდეგება და ქმნის პირობებს LRT-ის სარედაქციო საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევისთვის.
აქციის ორგანიზატორები მმართველ უმრავლესობას მოუწოდებენ, უკან გაიწვიონ დირექტორის გათავისუფლების პროცედურის შეცვლის წინადადება და ამის ნაცვლად, ჟურნალისტთა ორგანიზაციების, ასევე მედიისა და სამართლის ექსპერტების ჩართულობით, დაიწყონ სერიოზული დებატები LRT-ის სამეურვეო საბჭოს დეპოლიტიზაციის შესახებ.
სამეურვეო საბჭო არის ზედამხედველი ორგანო, რომელიც 12 წევრისგან შედგება. ოთხ მათგანს ნიშნავს პრეზიდენტი, ოთხს – პარლამენტი (ორს მმართველი პარტიები და ორს ოპოზიცია), ხოლო ოთხს – სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ორგანიზაცია.
პარტია „ნიამუნასის განთიადის“ წინადადება, რომელიც LRT-ის დირექტორის გათავისუფლებას საბჭოს 12 წევრიდან 6-ის თანხმობით გახდის შესაძლებელს, პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე გავიდა, თუმცა მისი ინიციატორები აღიარებენ, რომ კანონპროექტი გადახედვას საჭიროებს და დირექტორის გასათავისუფლებლად, სულ მცირე, 7 ხმა უნდა იყოს საჭირო.
ამჟამად დირექტორის გათავისუფლებისთვის, მინიმუმ, 8 ხმაა აუცილებელი.
ცვლილებების მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ისინი რეაგირებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნებულ დასკვნაზე, რომელმაც LRT-ში მენეჯმენტის ხარვეზები გამოავლინა. მათი თქმით, ცვლილებები საბჭოს მისცემს რეალურ უფლებამოსილებას, შეცვალოს დირექტორი, თუ ის ნდობას დაკარგავს.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელმწიფო ლიდერებს სამშაბათს მოუწოდა, უარყონ შემოთავაზებული ცვლილებები. მათივე თქმით, ხელისუფლების შემოთავაზებული ცვლილებები მედიის თავისუფლების ევროპულ აქტს ეწინააღმდეგება.
გასულ თვეში სეიმმა – მაშინაც „ნიამუნასის განთიადის“ ინიციატივით – ხმა მისცა LRT-ის დაფინანსების სამი წლით გაყინვას. ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 80 მილიონ ევროს იღებს.
„ნიამუნასის განთიადის“ ორივე ინიციატივას მხარს უჭერენ მმართველი „სოციალ-დემოკრატებისა“ და „გლეხთა და მწვანეთა კავშირის“ ფრაქციები.
პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა გასულ კვირაში იმითაც გამოხატეს, რომ ეთერში დუმილის წუთები გამოაცხადეს და პოლიტიკოსებს მოუწოდეს, ორგანიზაციისგან „ხელები შორს დაიჭირონ“.
LRT-ის ჟურნალისტები ასევე ამზადებენ გადაცემებს, სადაც ხაზს უსვამენ თავისუფალი პრესის მნიშვნელობას დემოკრატიისთვის და მოჰყავთ იმ ქვეყნების მაგალითები, სადაც მედია პოლიტიკურმა ძალებმა ჩაიგდეს ხელში.




