მედიის ადვოკატირების კოალიცია – ტელეკომპანიების მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა მედიის თავისუფლების და ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა – ჯარიმების საფრთხე არის საგანგაშო ტაქტიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს „ქართული ოცნების“, ქმედებებს, რომელიც, მათივე შეფასებით, ბოროტად იყენებს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის.
როგორც მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დამოუკიდებელი მედია საშუალებების – „მთავარი არხის“, ტვ „პირველის“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ – მიმართ “ქართული ოცნების” პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა.
“ქართული ოცნების” პროპაგანდა, რომელიც უკრაინელი ხალხის ღირსების შემლახველია, მედიაში კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა. მძიმე ჯარიმების საფრთხე არის საგანგაშო ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება მედია საშუალებების იძულების მიზნით, დაემორჩილონ და გაავრცელონ ნარატივი, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს. მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა ასახავს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას. კოალიცია იზიარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებაში გამოთქმულ განწყობას და ვგმობთ ამ კამპანიას, როგორც „აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და შემზარავს“, – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დღეს, „მთავარმა არხმა“, ტვ „პირველმა და ტელეკომპანია „ფორმულამ“ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი“.
ტელევიზიების განცხადების თანახმად, შესაძლო ჯარიმების დაკისრების საფრთხის მიუხედავად, ისინი არ აპირებენ ხელი შეუწყონ “ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას“ და უარს აცხადებენ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.