“სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში” “მედია ადვოკატირების კოალიციის” წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასეს და “მაუწყებლის შესახებ კანონში” შესული ცვლილებების გამო, ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
როგორც კოალიციის თავმჯდომარემ, მამუკა ანდღულაძემ განაცხადა, კოალიცია მკაცრად გმობს ჟურნალისტების მიმართ “ქართული ოცნების” მიერ კოორდინირებულ და სისტემურ თავდასხმას.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მკაცრად გმობს დამოუკიდებელ მედიაზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ და სისტემურ თავდასხმას და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, რომელიც ასეთ რთულ გარემოში აგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას.
სინდისის პატიმარი, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება. მისი საქმე, ისევე როგორც სხვა სინდისის პატიმრების საქმეები, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც პროცესების მიმდინარეობისას ნათლად ჩანს.
ასევე, პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმისა თუ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ასობით შემთხვევაც დაფიქსირდა და ამ ინციდენტებიდან არცერთი საქმე არ არის გამოძიებული და არცერთი მოძალადე პასუხისგებაში მიცემული, რაც ამყარებს დაუსჯელობის განცდას და ხელს უწყობს ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას.
ამავე დროს,„ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში ინიციირებული და მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა მიზანმიმართულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების წვდომას ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” კომუნიკაციების კომისიას მიმართა საჩივრით და პარტიისთვის არასასურველი სიტყვებისა და ტერმინების გამოყენების გამო „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სამართალდამრღვევად ცნობა და დასანქცირება მოითხოვა.
აღნიშნულ საქმეებს განიხილავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის თავმჯდომარე, დასანქცირებული კახა ბექაური, უკვე შეყვანილია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილი პირების სანქცირების რეკომენდაციასაც, ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერისთვის, იძლევა ევროპარლამენტის რეზოლუცია”,- განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.
ბრიფინგის მიმდინარეობისას ანდღულაძემ, ასევე სასამართლოში მიმდინარე პროცესებიც შეაფასა.
მისი თქმით, დახურულ საჯარო უწყებების სიას სასამართლო სისტემაც დაემატა.
მისივე შეფასებით, დამოუკიდებელი მედიასა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უწყვეტად მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რითაც “ქართული ოცნება” საზოგადოებაში მედიისადმი უნდობლობის დათესვას და ინფორმაციის ობიექტური წყაროების დისკრედიტაციას ცდილობს.
“გასულ კვირას მედიას კვლავ შეეზღუდა კამერებით შესვლა სასამართლო შენობებში – მაშინ, როცა ერთდროულად მიმდინარეობდა რამდენიმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პროცესი. ეს ნაბიჯი არღვევს საჯაროობის პრინციპს და ხელს უშლის საზოგადოებას სასამართლო პროცესების მონიტორინგში.
ასევე გრძელდება მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე სისტემური ზეწოლა – მათ ყოველდღიურად აჯარიმებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი უწყვეტი საპროტესტო აქციების გაშუქებას ცდილობენ. ეს პრაქტიკა წარმოადგენს თავისუფალი პრესის დევნის პირდაპირ მაგალითს.
ამას გარდა, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება ფინანსური ბერკეტების საშუალებით. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების აკრძალვასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ ბიზნეს-კომპანიებზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მათ შეწყვიტონ კონტრაქტები დამოუკიდებელ მედიასთან. ბიზნესს აიძულებენ, უარი თქვას მაღალი რეიტინგის მქონე არხებთან თანამშრომლობაზე”,- განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.
“მედია ადვოკატირების კოალიციის” თავმჯდომარემ ასევე ყურადღება საზოგადოებრივ მაუწყებელზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ არხი “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
“საზოგადოებრივი მაუწყებელი – “ქართული ოცნების” სამსახურში – საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი ვითარება უკვე აშკარად აჩვენებს, რომ მისი ხელმძღვანელობა ემსახურება “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესებს. დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე მონაწილეობენ დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების დევნასა და დათხოვნაში. მაუწყებელი დღითიდღე ემიჯნება საზოგადოებას და რეალურ ფუნქციას კარგავს, რასაც მოწმობს სარედაქციო პოლიტიკის ტენდენციური შინაარსი და განსხვავებული მოსაზრების მიზანმიმართული უგულებელყოფა.
“მედიის ადვოკატირების კოალიცია” სოლიდარობას უცხადებს ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას და აგრძელებს მათ მხარდაჭერას დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და უკეთესი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.
ქართველი საზოგადოება იმსახურებს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, რომელიც უზრუნველყოფს სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მოქალაქეთა სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.
მედიის თავისუფლება არის ფუნდამენტური ღირებულება, რომლის დაცვაც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის”,- განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.
