20 აგვისტოს, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი გერმანული ავიაგამანადგურებელი რუმინეთ–უკრაინის საზღვართან გაიგზავნა, მას შემდეგ რაც რუსეთმა დრონებით შეუტია ქალაქ იზმაილს, რომელიც მდინარე დუნაის ნაპირზე რუმინეთის საზღვართან მდებარეობს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამის განმავლობაში ქვეყანაში 93 დრონი და ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთაგან 62 დრონი და ერთი რაკეტა ჩამოაგდეს ან გაანეიტრალეს. აფეთქებები 20 სხვადასხვა ადგილას ისმოდა.
თავდასხმამ “უკრაინის საზღვართან, ტულჩას რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო ვითარების მონიტორინგის მიზნით” ორი გერმანული Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლის გაგზავნა გამოიწვია – ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში.
გერმანული სამხედრო თვითმფრინავები ამჟამად რუმინეთში NATO-ს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების მისიის ფარგლებში არიან განთავსებულნი, რომელიც გაერთიანების აღმოსავლეთ ფლანგზე 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილების ოკუპაციის შემდეგ ფუნქციონირებს.
“რუმინეთის საჰაერო მეთვალყურეობის სისტემამ რუსეთის ფედერაციის მიერ გაშვებული დრონების ჯგუფები აღმოაჩინა, რომლებიც დუნაისპირა უკრაინულ პორტებს ესხმოდნენ თავს. მისიის დროს ეროვნულ საჰაერო სივრცეში თვითმფრინავების შეღწევა არ დაფიქსირებულა” – განაცხადა რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ.