9 აპრილს, საფრანგეთის ჩრდილოეთით, ქალაქ გრავლინის სანაპიროზე, განთიადისას ნაპოვნი საქართველოს მოქალაქის პასპორტი იმ ტრაგიკული დღის სიმბოლოდ იქცა, როდესაც ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობას კიდევ ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ორი მამაკაცი და ორი ქალი მცირე ზომის ნავით ინგლისში გადასვლას ცდილობდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, ბულონ-სიურ-მერის მახლობლად, ეკიჰენ-პლაჟთან მოხდა. ოფიციალური პირების განმარტებით, ისინი ნავზე ასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც ძლიერმა დინებამ გაიტაცა.
სამაშველო ოპერაციის ფარგლებში დახმარება გაეწია 40-ზე მეტ ადამიანს, ჰოსპიტალიზებულია ორი ბავშვი.
ეს მიმდინარე თვეში მომხდარი ერთადერთი ფატალური შემთხვევა არ არის – აპრილის დასაწყისში სრუტის გადაკვეთისას კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.
გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მონაცემებით, 2026 წელი უკვე ფასდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი მათთვის, ვინც ევროპაში თავშესაფრის პოვნას ზღვით ცდილობს. მიმდინარე წელს ევროპის სანაპიროებამდე მიღწევის მცდელობისას დაახლოებით 990 ადამიანი დაიღუპა, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს.




