მედია: $290 000 და ₾250 000 – სანქცირებული ყოფილი გენპროკურორი ფულს ქეშად ინახავს

ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს დეკლარაციის მიხედვით არცერთ ბანკში აღარ აქვს ანგარიშები. დეკლარაციის მიხედვით, აუდიტის სამსახურის შეფი 290 000 დოლარს და 250 000 ლარს ქეშად ინახავს. ის, სავარაუდოდ, ხელფასსაც ნაღდი ფულით იღებს.

2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, გაბიტაშვილს ანგარიშები “საქართველოს” და “თბს” ბანკში ჰქონდა და ანაბარზე 175 000 აშშ დოლარს ინახავდა.

ყოფილი გენერალური პროკურორი ირწმუნება, რომ მისი მილიონრობის ამბავი ტყუილია.

თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე. ელემენტარული მათემატიკის ცოდნაა საჭირო იმის დასადგენად, რომ თქვენი ინფორმაცია არის ტყუილი,” – ამბობს გაბიტაშვილი. 

მკვლევარები, რომლებმაც გაბიტაშვილის დეკლარაციები შეისწავლეს, ამბობენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაინტერესდეს

შევისწავლეთ გიორგი გაბიტაშვილის დეკლარაციები, რომელსაც ის 10-ზე მეტი წელია ავსებს და შეიძლება ითქვას, რომ აქ არის რაღაც კითხვები 2021-2022 წლების დეკლარაციებში. აქ არის ერთგვარი ხვრელი, რადგან მას უცბად უჩნდება დაუდეკლარილებელი რამდენიმე ბინა, ის ასწორებს დეკლარაციას და ამბობს რამდენიმე ბინა მქონდაო, უი-ო. შემდეგ წელს ამ ბინებს ყიდის და უგროვდება დიდი დანაზოგი.
ეს საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დეკლარაციები შეისწავლოს. ამ ადამიანმა როგორც ჩანს, იცოდა, რომ მას სანქციები დაედებოდა ამიტომ მან დანაზოგი, რაც ჰქონდა ბანკში გამოიტანა და ნაღდ ფულად შეინახა, სანამ სანქცია დაედო,” – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მკვლევარმა, სანდრო ქევხიშვილმა.