ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გასულ, 2024 წელს, ხელფასის სახით 96 238 ლარი მიიღო. ანუ თვეში – 8019 ლარი. შესაბამისად, კუპრაშვილის დარიცხული ხელფასი გასულ წელს იყო თვეში 10 434 ლარი.
რამდენია წელს რაჟდენ კუპრაშვილის ხელფასი? – ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის: ანტიკორუფციულ ბიუროს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ბიუროს ბიუჯეტი ატვირთული არ აქვს. „ბათუმელებმა“ ვერც ბიუროს საშტატო ნუსხას მიაგნო.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით, „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებულ/მის მიერ დაფუძნებულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოსა და საქართველოს მინისტრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს.“
ამის გათვალისწინებით, რაჟდენ კუპრაშვილის დარიცხული ხელფასი 2025 წელს თვეში მინიმუმ 12 410 ლარია [1460 ლარი (საბაზო სარგო) გამრავლებული 8,5-ზე (მინისტრის სარგოს კოეფიციენტზე)]. ერთი წლის განმავლობაში ის 148 920 ლარს მიიღებს.
რაჟდენ კუპრაშვილი 2019 წლიდან ავსებს ქონებრივ დეკლარაციას. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2019 წელს კუპრაშვილი შპს საპროექტო საკვლევაძიებო ინსტიტუტ „ტრანსპროექტის“ იურისტი იყო, იმავე წელს იგი ჯერ სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი გახდა, მალევე კი სსიპ–იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს. ამ წელს კი სამივე თანამდებობაზე კუპრაშვილმა ხელფასის სახით 42 847 ლარი აიღო.
დეკლარაციების მიხედვით, რაჟდენ კუპრაშვილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე, ხელფასის სახით, 2020 წელს მიღებული აქვს 38 592 ლარი, 2021 წელს – 37 632 ლარი, 2022 წელსაც იგივე თანამდებობაზე – 37 632 ლარი.
2023 წელს, ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორად დანიშვნის შემდეგ, რაჟდენ კუპრაშვილის შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა. 2023 წელს [11 თვეში] მან 77 705,6 ლარი მიიღო ხელფასის სახით, 2024 წელს კი – 96 238,8 ლარი.
შესაბამისად, ბოლო სამ წელში, რაც ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორად დაინიშნა, ანუ 2025 წლისთვის, რაჟდენ კუპრაშვილის ხელფასი 203 პროცენტით გაიზარდა.
2019-2021 წლებში რაჟდენ კუპრაშვილის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მის ქონებას 2017 წელს თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე 85 000 დოლარად ნაყიდი ბინა, ავტოფარეხი და მსუბუქი ავტომანქანა შეადგენდა, 2022 წელს კი კუპრაშვილის დეკლარირებულ ქონებაში მიწა და საცხოვრებელი სახლი ჩნდება, რომელიც მისთვის 2021 წელს უჩუქებიათ, თუმცა მჩუქებელი ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.
რაჟდენ კუპრაშვილისთვის უჩუქებიათ 1766 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთი წყალტუბოში, სოფელ ქვიტირში და საცხოვრებელი სახლი ქუთაისში – 452 კვ.მეტრი ფართობი.
2022 წელს კუპრაშვილს თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე სარდაფი შეუძენია 4 000 დოლარად.
2023 წელს რაჟდენ კუპრაშვილს ძმისგანაც მიუღია საჩუქრის სახით 5000 ლარი და 1500 დოლარი.
ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სამოქალაქო ორგანიზაციების, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ იყენებს.
აღნიშნულმა ბიურომ უკვე დააყადაღა ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს და ხელს უწყობენ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო გასულ, 2024 წელს 8,5 მილიონი ლარით იყო დაფინანსებული, ბიუროში დასაქმებული 86 პირის ხელფასებისთვის კი, ჯამში 4,6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.
2025 წელს ანტიკორუფციული ბიუროსთვის 13,2 მილიონი ლარია გამოყოფილი. გაზრდილია როგორც მომუშავეთა რაოდენობა – 121-მდე, ასევე მათი ხელფასებისთვის საჭირო თანხის ოდენობა და ჯამში 7 მილიონ 793 ათასი ლარია გაწერილი.
ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდის მიხედვით, „ბიურო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე“.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, „ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით…“