ორასამდე ახალი ჰესის განკარგულება „ქართული ოცნების“ მთავრობისგან. რას ემსახურება მცირე და საშუალო ჰესების ციებ-ცხელება, ემსახურება თუ არა ის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. რა ტარიფს ვუხდით ახალ ჰესებს და რა ტარიფს ვიხდით იმპორტირებულ ელექტროენერგიაში. ჰესების უმრავლესობის უკან მინისტრები და მათი ოჯახები, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დგანან.
განადგურებული ხეობები, შეცვლილი მიკროკლიმატი, დამშრალი კალაპოტები, ჭები და წყაროები – რა გავლენა აქვს მცირე ჰესებს ადამიანების საცხოვრებელ პირობებზე – ნახეთ „მთის ამბების“ ჟურნალისტური გამოძიება.
სონღულაშვილები და ენუქიძე
„ქართული ოცნების“ მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ოჯახი და ივანიშვილის პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე ქვემო სვანეთში 5 ჰესს ააშენებენ. ხუთივეს ცხენისწყალზე. მდინარის მნიშვნელოვან ნაწილს, კილომეტრებზე, 3 მეტრის სიმაღლის რკინის მილებსა და ბეტონის გვირაბებში მოაქცევენ. გვირაბების მშენებლობისთვის ერთი ხეობიდან მეორე ხეობამდე მთებს გახვრეტენ.
ხუთივე ჰესი „ქართული ოცნების“ მთავრობას სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტად აქვს შერაცხილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას გარანტირებულ ფასად შევისყიდით, მაშინაც კი, თუ ის არ გვჭირდება და იმაზე ბევრად ძვირად, ვიდრე დანაკლისის დროს ელექტროენერგია უცხო ქვეყნებიდან შემოგვაქვს.
ხუთი ჰესიდან ოთხი, ე.წ. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად „ქართული ოცნების“ მთავრობას გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აქვს დამტკიცებული. ამ პერიოდში, 2024 წლის 25 ნოემბრიდან, ივანიშვილის მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი უკვე დავით სონღულაშვილია.