მედია – წინასწარი მონაცემებით ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს

წინასწარი მონაცემებით ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს, დათვლილია ხმების 98%, – ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების ეროვნული მაუწყებელი NOS-ი ავრცელებს.
ამ დროისთვის, ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნების შედეგების 98%-ია დათვლილი და წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) გაიმარჯვა, რომელიც პარლამენტში 37 მანდატს მიიღებს, იმაზე ორით მეტს, ვიდრე არჩევნებამდე ეგზიტპოლები წინასწარმეტყველებდა.
ამჟამად პარტიას პარლამენტში 17 მანდატი აქვს. მეორე ადგილს, მემარცხენე-მწვანეებისა და ლეიბორისტების კოალიცია (GroenLinks-PvdA) იკავებს, რომელსაც ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანსი ხელმძღვანელობს და სავარაუდოდ, 25 მანდატს მიიღებს.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს სახალხო პარტიას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD), 24 მანდატის მიღება შეუძლია. ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტია ახალი სოციალური კონტრაქტი (NSC), რომელსაც პიტერ ომციგტი ხელმძღვანელობს, ნიდერლანდების პარლამენტში 20 მანდატს მოიპოვებს.
ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 77,8% შეადგინა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, არჩევნების შემდეგ ნიდერლანდებს მთავრობის კოალიციის ფორმირების ხანგრძლივი პროცესი მოელის.