მედია: ციხის უფროსი, რომელმაც ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს

N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც თანამდებობა  “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს.

დავით გოგობერიშვილის ცხედარი, თბილისში, წყატუბოს ქუჩაზე, გლდანის ციხის ყოფილი უფროსის კუთვნილ ავტოფარეხში იპოვეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა მანამდე გასროლის ხმა გაიგეს. გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში tvpirveli.ge-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მიმდინარე წლის 11 ივლისს N8 დაწესებულებაში მსჯავრდებული ბიზნესმენს საკუთარ საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიგა ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს.

წყარო