მედია: “ჩვენ ვართ, ვინც გააძევა რუსი დიპლომატები”- რას ელის “ქართული ოცნება” ბაბიშის პარტიის გამარჯვებიდან

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ურთიერთობების განახლების იმედს გამოხატავს ჩეხეთთან, სადაც საპარლამენტო მილიარდერი ანდრეი ბაბიშისა და მისი პოპულისტური პარტიის, ANO-ს, გამარჯვებით დასრულდა. დიდი ალბათობით, 71 წლის ბაბიში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი მეორედ გახდება.

მკაფიოდ პროდასავლური, უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და კრემლის აქტიური კრიტიკოსი – ასე ახასიათებდნენ ჩეხეთის ხელისუფლებას 3-4 ოქტომბრამდე, ვიდრე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართებოდა. ახლა კი, ჩეხეთის არჩევნებში გამარჯვებულ ძალას უპირატესად ევროსკეპტიკოსების, პოპულისტების, ღიად პრორუსებისა და ანტიდასავლელების იმედები უკავშირდება.

თუმცა ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ჩეხეთის საგარეო პოლიტიკური კურსი მკვეთრად არ შეიცვლება.

ვისი მოკავშირეა ანდრეი ბაბიში?

და რა არის მისგან მოსალოდნელი?

თბილისიდან, განახლების იმედით

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩეხეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა „ქართული რეჟიმის ხუთ წარმომადგენელს“ – შინაგან საქმეთა მინისტრს მოადგილეს, სამ მოსამართლესა და პროკურორს. გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის მიმართვის საფუძველზე იქნა მიღებული.

“ქართული ოცნების” მომხრეები ამბობდნენ, რომ – “დიპ სტეიტმა” იჩქარა და ანდრე ბაბიშის გამარჯვებას დაასწრო. მანამდე, იანვარში, ჩეხეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა შს სამინისტროს სამი მაღალჩინოსანი, რომლებიც ახლა ძველ პოსტებზე აღარ არიან. „ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი ჩეხეთში ვიხილოთ“ – დაწერა X-ზე ლიპავსკიმ. საფუძველია ადამიანის უფლებების დარღვევა, პროტესტის სასტიკი ჩახშობა – როგორც სხვა დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების შემთხვევაში, ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ელიან, რომ მთავრობის ახალი კაბინეტის შემადგენლობაში, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ვეღარ იხილავენ იან ლიპავსკის – “სანქციების ინიციატორ” მინისტრს. ამ მოლოდინს პროსახელისუფლებო “იმედმა” საგანგებო ქარდიც მიძღვნა.

ჩეხეთი ასევე ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის არის, რომლებმაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლის უფლება გაუუქმა. ასეთი პასპორტები აქვთ “ქართული ოცნების” ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებსაც.

ვრცლად