მედია: (ჩეჩნეთის) სამეფო კარის თამაშები: კადიროვის მდგომარეობის ფონზე აქტუალური ხდება მემკვიდრის საკითხი

რუსეთში მემკვიდრეობის საკითხი არასოდეს არის მარტივი, ჩეჩნეთში – მით უმეტეს.

საბჭოთა ეპოქაში პოლიტბიუროს შიგნით ძალაუფლების გადაცემა, როგორც უინსტონ ჩერჩილმა თქვა, ძალიან ჰგავდა ბულდოგების ბრძოლას ხალიჩის ქვეშ. ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელმაც ხელისუფლება სტალინის სიკვდილის შემდეგ ორწლიანი შიდა ბრძოლების შედეგად ჩაიბარა, მოგვიანებით ლეონიდ ბრეჟნევის მიერ ორგანიზებული გადატრიალებით ჩამოაგდეს. თვითონ ბრეჟნევი თანამდებობაზე ყოფნისას გარდაიცვალა — ისევე როგორც ერთმანეთის მიყოლებით იური ანდროპოვი და კონსტანტინ ჩერნენკო. ბოლოს ეს კარუსელი მიხეილ გორბაჩოვმა გააჩერა.

პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველმა პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა, თავისი უფლებამოსილების ამოწურვამდე შეარჩია ვლადიმირ პუტინი და 1999 წლის ახალი წლის ღამეს სწორედ მას გადასცა პრეზიდენტის ძალაუფლება.

ამასობაში კრემლმა 1990-იან წლებში ორი ომი აწარმოვა ჩეჩენი სეპარატისტებისა და ისლამისტი ამბოხებულების წინააღმდეგ და საბოლოოდ, კადიროვების კლანის დახმარებით დაიმორჩილა რეგიონი. ახმატ კადიროვმა, ყოფილმა მეამბოხე მებრძოლმა, რადიკალურად შეიცვალა პოზიცია და ჩეჩნეთის დამორჩილების შემდეგ რესპუბლიკის რუსული ადმინისტრაციის მეთაურის (პრეზიდენტის) თანამდებობა დაიკავა, რამაც რეგიონს დაახლოებით ერთწლიანი სტაბილურობა მოუტანა, ვიდრე 2004 წელს თვითონ ახმატ კადიროვი არ მოკლეს გროზნოს ცენტრში განხორციელებული ტერაქტის შედეგად.

ახმატ კადიროვი თავისმა შვილმა, რამზან კადიროვმა შეცვალა, თუმცა შეცვალა სამი წლის შემდეგ, კონსტიტუციით დადგენილი 30 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ. ამ დროიდან მოყოლებული რამზან კადიროვი რკინის ხელით მართავს რეგიონს – ანადგურებს მოწინააღმდეგეებს, ქმნის საკუთარ ნახევრად კერძო არმიას და ახდენს ძალაუფლებასა და სიმდიდრის კონცენტრაციას.

პუტინი, რომელმაც კადიროვი ხელისუფლებაში მოიყვანა, მთლიანად ეყრდნობა მას ისეთ საკითხში, როგორიცაა ჩეჩნეთის სრული ლოიალობა მოსკოვისადმი. ამის სანაცვლოდ რუსეთის პრეზიდენტი თვალს ხუჭავს როგორც ძალადობისა და დაუსჯელობის ატმოსფეროზე, ასევე ფედერალური კანონის დაუფარავ იგნორირებაზე.

კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რამაც, თავის მხრივ, აქტუალური გახადა სპეკულაციები მისი შემცვლელის, მემკვიდრის გარშემო. კრემლს სურს ჩეჩნეთში სიმშვიდე და სტაბილურობა შეინარჩუნოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვითონ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომზეა კონცენტრირებული. კადიროვს უნდა, რომ ძალაუფლება და სიმდიდრე მის ოჯახს დარჩეს, მისი მეტოქეები კი ხელსაყრელ მომენტს ეძებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: კანონის მიხედვით, ჩეჩნეთის მეთაური არ უნდა იყოს 30 წელზე ახალგაზრდა, არადა კადიროვის უფროსი ქალიშვილი მხოლოდ 27 წლისაა, ხოლო უფროსი ვაჟი – 20-ის. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს გარემოება ქმნის შესაძლებლობას, რომ გამოჩნდეს ვინმე დროებითი, „შემავსებელი ფიგურა“ – ისევე, როგორც ოდესღაც თავად კადიროვის შემთხვევაში მოხდა: ახმატ კადიროვი 2004 წელს მოკლეს, მაგრამ კადიროვმა ჩეჩნეთის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად მხოლოდ 2007 წელს დაიკავა. 2004-2007 წლებში ჩეჩნეთის პრეზიდენტის თანამდებობას ალუ ალხანოვი იკავებდა.

აი, იმ პირთა მოკლე სია, რომლებიც(ჩეჩნეთის) სამეფო კარის თამაშებში მონაწილეობენ:

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს