მედია: ჩეჩნეთიდან გაქცეული ალია ოზდამიროვა საქართველოდან გაიყვანეს და სავარაუდოდ, მოკლეს

ჩეჩნეთიდან გაქცეული 33 წლის ქალი, ალია ოზდამიროვა საქართველოდან გაიყვანეს და სავარაუდოდ, მოკლეს – საგამოძიებო კომიტეტ SK SOS-ის ინფორმაციით, ქალი 12 ნოემბერს გუდერმესში დაკრძალეს.

ალია ოზდამიროვა, ჩეჩნეთიდან ძმების მხრიდან ზეწოლის და მუქრის გამო გაიქცა, არსებული ინფრომაციით, მას სექსუალური ორიენტაციისა და სამსახურის გამო ემუქრებოდნენ და სცემდნენ.

  • დაკითხვის დროს გაირკვა, რომ ალიას მუქარა მის ბიზნეს საქმიანობასაც უკავშირდებოდა: მისმა ძმებმა სცემეს, რადგან მის ბიზნესპარტნიორებს ინვესტორებისთვის ფული ჰქონდათ დავალიანებული და ალიას ქურდობაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, გაქცევის დროს ალიას ეს ფული არ ჰქონდა.

ოზდამიროვა, რომელიც 9 ნოემბერს მოტყუებით ან ძალით გადაიყვანეს საქართველოდან გავლენიანი ოჯახიდან იყო. მისი მამა, უსმან ოზდამიროვა, გუდერმეშის რაიონის უფროსი და რამზან კადიროვის უახლოესი წრის წევრი იყო, თუმცა მას არასდროს გამოუყენებია ძალადობა მის მიმართ. საგამოძიებო კომიტეტის SOS-ის ცნობით, ყველაფერი შეიცვალა მისი გარდაცვალების შემდეგ, 2020 წელს – ” ვერავინ დაიცვა ალია მისი ძმებისგან, რომლებიც ასევე კადიროვთან იყვნენ დაკავშირებული”.

გოგონა ჯერ სტამბოლში გაიქცა, შემდეგ კი – თბილისში, საიდანაც სხვა ქვეყანაში უნდა გაფრენილიყო. თუმცა, გამგზავრებამდე მას დაუკავშირდა „ადვოკატი“, რომელმაც უთხრა, რომ მასზე ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობდა. ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, თუმცა ალიამ, ადამიანის უფლებათა დამცველების რჩევის მიუხედავად, დაიჯერა ბაქოდან ჩამოსული ბიძის, ალი ასაევის სიტყვები, რომელიც მას სასაზღვრო საკითხის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა. ალიას გაფრენა 8 ნოემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ ასაევმა დაარწმუნა, რომ დარჩენილიყო.

გოგონამ ადამიანის უფლებათა დამცველებს განუცხადა, რომ „ნდობას უცხადებს ბიძას და რომ ის ყოველთვის მის გვერდით იყო“. 9 ნოემბერს ალიამ საბოლოოდ გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი და მისი გარდაცვალების შესახებ ჭორები მეორე დღესვე გავრცელდა.

გოგონას მეგობრები და ნაცნობები, ასევე SK SOS-ის ადამიანის უფლებათა დამცველები, თვლიან, რომ ალია „ღირსების მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა. გაურკვეველია, მისი იძულებითი დაბრუნება და შესაძლო მკვლელობა მის სექსუალურ ორიენტაციას უკავშირდებოდა თუ მისი ოჯახის მიერ მისი ბიზნეს საქმიანობის უკმაყოფილებას.