მედია: შეკვეთილში მცხოვრებთა თქმით, ადგილობრივებს ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტეს

„ძალიან შემაშფოთებელია საერთო სარგებლობის რესურსების მიტაცება, მითვისება. ერთეულებისაა ზღვა, ჰაერი, წყალი და ჩვენ არაფერი? ზღვაზე გასვლის უფლებაც არ გვაქვს?

ერთეულებზე ყოფილა მორგებული ქვეყანა“, – ამბობს ლელა ჯაველიძე „ბათუმელებთან“, რომელიც შეკვეთილში ცხოვრობს.

მოქალაქის თქმით, სასტუმროები – Magnika Resort და Iveriaelli Hotel Georgia Shekvetili ადგილობრივ მცხოვრებლებს პლაჟზე გადასვლის უფლებას არ აძლევენ.

ქალის განცხადებით, სასტუმროების მფლობელებმა მიისაკუთრეს საერთო სარგებლობაში არსებული გზაც.

„ზღვასთან გააკეთეს აბრა, დააყენეს დაცვაც და ეკითხებიან ადამიანებს – „ვისი დამსვენებელი ხარ“, „აქ არ გაიარო“, კერძო საკუთრებააო.

გუშინ შევიკრიბეთ მთელი მეზობლობა, ვესაუბრეთ მეპატრონეებს, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანეთ მისი საუბრიდან, რაღაცას მიედ-მოედება.

ჯერ გვითხრა, კერძო საკუთრებაა, მაგრამ გაიარეთო, მაგრამ ამ პლაჟზე ჩემი ტურისტი უნდა დაწვეს და თქვენი „აქანა-იქანა“ დონის ტურისტებით მათ დისკომფორტს უქმნითო.

ზუსტად ასე გვითხრა. ესე იგი, თვითონ მაღალი დონის ყოფილა და ჩვენ არა“, – გვეუბნება ლელა ჯაველიძე.

მისი თქმით, აღნიშნულ სასტუმროებს კილომეტრამდე ტერიტორიები აქვთ მისაკუთრებული და სხვა ადამიანებს თუკი მოუნდებათ პლაჟზე გადასვლა, შემოვლითი გზებით უნდა ისარგებლონ.

„რომც გაგატაროს, გეუბნება პლაჟზე არ დაწვეო. ყველაფერი გამიგია, მაგრამ სანაპიროს გასხვისება ან მითვისება გაგონილა სადმე?

დოკუმენტს არ გვაჩვენებენ, არ მივაჩნივართ არაფრად, დაბალ ფენად გვთვლიან და მათ მხარესაა ძალაუფლება. ლობირებენ ყველგან – მერიაში, სხვა უწყებებში და ჩვენ აღარ გვისმენს არავინ.

მივმართეთ მერიასაც და მოგვწერეს სასაცილო წერილი, რომ პლაჟზე გავლას და განთავსებას არავინ გიშლით, მაგრამ პლაჟამდე მისასვლელი გზა კერძო საკუთრებააო“, – ამბობს ლელა ჯაველიძე.

საუბარში გვერთვება დათო ჯაველიძეც, მისი თქმით, მოსაკვლევია, რის საფუძველზე გადასცა საკუთრებაში გზა მერიამ სასტუმროს მფლობელს.

„როგორ გაყიდა მერიამ საერთო სარგებლობის გზა? – შეცდომით გაყიდეს თუ მიზანმიმართულად, ეს არ ვიცით, მაგრამ 300-მდე ოჯახს გადაადგილებას რომ გვიზღუდავენ, ფაქტია.

ზღვაზე რომ გავიდე, ერთკილომეტრიანი წრე უნდა დავარტყა და იქაც არ დაწვეო – გეუბნებიან. თავიდან როცა დაიწყეს ამ გზის გადაღობვა, თქვეს, რომ გავაკეთებთ და ყველა ისარგებლებსო. ამით გაგვაჩერეს და მოგვატყუეს. ახლა გვეუბნებიან, „წადით აქედან“, – ამბობს დათო ჯაველიძე.

მოქალაქეების თქმით, „მაგნიკა რიზორთის“ მფლობელი, ესთეტიკური კლინიკების ქსელის მფლობელი გიორგი მჭედლიძეა, რომელიც საქართველოს და ს მოქალაქეა. „ივერია ლ-ის“ კი მერაბ ხომერიკი ფლობს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სასტუმრო „ივერია ლ-ის“ მფლობელი ლიკა ხომერიკია, თუმცა ცალკეულ დოკუმენტებში მერაბ ხომერიკის სახელიც ფიქსირდება.

„ივერია ლ-ის“ მფლობელი გვეუბნება, მე დუბაიში, რომ ვისვენებდი, ხუთ-ვარსვკვლავიან სასტუმროში, ავტობუსი გვემსახურებოდა და გავყავდით პლაჟზეო. ესე იგი, დაიქირავეთ ავტობუსი და ტურისტი გეყოლება თუ სტუმარი, ასე იარეთ ზღვაზე. დაგვცინიან.

„მაგნიკას“ მეპატრონემ მითხრა მე არ მინდა კონფლიქტი, შეგიშვებთ გზაზე, მაგრამ მდინარე სეფასთან გადით და იქ დაისვენეთო. ეს მდინარე ზღვას უერთდება და კი იცით ალბათ, მდინარე ზღვას რომ უერთდება, როგორი სიტუაციაა იქ.

თანაც არჩევანის უფლებას გვართმევენ და თვითონ გვიწყვეტენ, სად დავისვენოთ და როგორ. მეც მინდა კომფორტი შევუქმნა ჩემს დამსვენებელს და საკუთარ თავსაც“, – ამბობს ლელა ჯაველიძე.

მოქალაქეების თქმით, ძალიან შემაშფოთებელია საერთო სარგებლობის რესურსების მიტაცება.

„ერთეულებისაა ზღვა, ჰაერი, წყალი და ჩვენ არაფერი? ზღვაზე გასვლის უფლებაც არ გვაქვს? ეს ძალიან შემაშფოთებელია. ერთეულებზე ყოფილა მორგებული ქვეყანა“, – ამბობს ლელა ჯაველიძე.

„ბათუმელები“ შეკვეთილში კიდევ ერთ მოქალაქეს, მზია ხომერიკს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ამ პრობლემის გამო ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ.

„ეს პრობლემა ახლა წარმოიშვა, რადგან აქამდე ვიცოდით, რომ ყველასი იყო ეს გზა. უცებ აღმოჩნდა, რომ საფეხმავლო ბილიკზე, რომელიც გააკეთა „ივერია ლ-მა“, თურმე ჩვენ და ჩვენს ტურისტებს გავლა არ შეგვიძლია.

თუმცა ყველაზე სანერვიულო თემა ის არის, რომ ტურისტები გვიუქმებენ ჯავშნებს, როცა იგებენ, რომ შემოვლითი გზებით მოუწევთ პლაჟზე გადასვლა და შეიძლება იქაც არ გააჩერონ. აი, ახლაც ერთ დამსვენებელს ვესაუბრებოდი, რომელიც აპირებს აგვისტოში ჩამოსვლას, მაგრამ თუ გზის პრობლემაა, მაშინ გავაუქმებ ჯავშანსო, მეუბნება.

სასტუმროს მეპატრონე მეუბნება, რომ დღეს შეიძლება გაგატაროთ ამ გზაზე, მაგრამ სამომავლოდ მაინც გექნებათ პრობლემა, რადგან ეს სერვიტუტი, რომელიც გამოყოფილია ახლა პლაჟზე გადასასვლელად, ჩაიკეტებაო.

თუ ხვალ ის მიწის ნაკვეთიც გაიყიდება, რასაც ამ წუთას სერვიტუტი ადევს, მაშინ საერთოდ აღარ გვექნება პლაჟზე ჩასვლის უფლება. მაშინ ჩვენ უნდა შევისყიდოთ მეზობლებმა ეს სერვიტუტის ადგილი, რომ არ ჩაგვიკეტოს სხვა მეპატრონემ“, – ამბობს მზია ხომერიკი.

მერის წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში, ვალერიან ვაჩეიშვილიც დასტურებს, რომ პლაჟზე გადასასვლელი გზა კერძო საკუთრებაშია, თუმცა ვინ და როგორ გაყიდეს გზა, ამაზე ვერ გვპასუხობს. მისი თქმით, პლაჟზე ყოფნის უფლება ყველას აქვს, პლაჟი არ იყიდება და ვერც სასტუმროს მფლობელი შეუზღუდავს სხვა მოქალაქეს იქ ყოფნის უფლებას.

„ალბათ ფრთები უნდა გამოვისხათ და გადავფრინდეთ? ჩასასვლელი თუ ჩაგვიკეტეს, არც ტურისტი გვეყოლება და ფაქტობრივად გვანადგურებენ პატარა საოჯახო ტიპის სასტუმროებს. ჩვენ არსებობას გვისპობენ.

„ჩვენს ეზოში ნუ შემოდის თქვენი ხალხი“ – ასე გვეუბნებოდა გუშინ „ივერია ლ-ის“ წარმომადგენელი და როგორ არის ეს მათი ეზო, როცა მათი ტერიტორია შემოღობილი აქვთ.

რაც შეეხება პლაჟს, მე მგონი უხერხულია დამსვენებელს უთხრა, „იქ არ დაჯდე და აქ დაჯექი“. მაშინ იყიდეთ გვერდით ნაკვეთი და იქ გაჭერით ბილიკიო, – გვეუბნებიან. სახელმწიფოს გარეშე ხომ ამ მიწებს ვერ მიისაკუთრებდნენ, არა? თვითონ გაიკეთეს საქმე და ჩვენ, ამდენი კომლი მოგვიქნიეს“, – ამბობს მზია ხომერიკი.

ამ საკითხზე კომენტარის მისაღებად ვცადეთ ოზურგეთის მერთან დაკავშირებაც, თუმცა ავთანდილ თალაკვაძემ არ გვიპასუხა. მერს წერილობითაც ვკითხეთ, თუ იცნობს აღნიშნულ პრობლემას და თუ აქვთ სასტუმროების მფლობელებს უფლება, ზღვაზე გადასასვლელი ბილიკები საკუთრებაში დაირეგისტრირონ?

მერიისგან განმარტების მიღების შემთხვევაში ინფორმაცია აქვე განახლდება.

რაც შეეხება სასტუმროების მფლობელების პოზიციას, „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერაბ ხომერიკს, რომელმაც ამ თემაზე განმარტება არ ისურვა.

გიორგი მჭედლიძეს კი ამ დროისთვის ტელეფონი გამორთული აქვს.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ტერიტორია, რომელიც სერვიტუტით არის დატვირთული, უკვე კერძო საკუთრებაა. კონკრეტულად კი, ეს ტერიტორია გიორგი მჭედლიძისა და მერაბ ხომერიკის თანასაკუთრებაშია.

წყარო