„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა გოგა თუშურაშვილმა განაცხადა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 320.5 ათასი ადამიანი, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. „საქსტატის“ რიცხვები აჩვენებს, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმება მზარდია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე მაღალი ზრდა 2023 წელს დაფიქსირდა და 2022 წელთან შედარებით, საჯარო სექტორში სამსახური დამატებით 12.5 ათასი პირისთვის მოიძებნა.