მედია: „ყველაფერი ბრუნდება 20 წლის უკან“ – როგორ დაარღვია „ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმებაც

იმის დასტურად, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა „ქართული ოცნება“ ხშირად ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას იშველიებს ხოლმე და ამტკიცებს, რომ პარტია ევროკავშირთან არსებულ შეთანხმებას მიყვება.

თუმცა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” მიერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები ეწინააღმდეგება ასოცირების შეთანხმებასაც და იმ რეფორმებსაც, რაც რამდენიმე წლის წინ შრომითი კანონმდებლობის კუთხით სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებამ გაატარა.

რა არის ასოცირების შეთანხმება?

ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც 2014 წელს გაფორმდა, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.

ასოცირების შესახებ შეთანხმება არ ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა, შეთანხმება ევროკავშირთან და მის კანონმდებლობასთან დაახლოების  მაღალ დონეს მოიცავს.

ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს, მათ შორის, დასაქმების და სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს უნდა მოეხდინა ეტაპობრივი საკანონმდებლო დაახლოება ქვეყანაში ღირსეული შრომის პირობების შესაქმნელად. სწორედ ამ მიზნით, ქვეყანას უნდა შეემუშავებინა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი დასაქმების პოლიტიკა, სამუშაო უსაფრთხოების ნორმები და ანტიდისკრიმინაციული და სოციალური დაცვის მექანიზმები.

2014 წელსვე ასოცირების დღის წესრიგში ერთობლივი მუშაობისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების სიაში მოხვდა ძირითადი შრომითი სტანდარტების საკითხიც.

კერძოდ, ჯერ კიდევ 2014–2016 წლების დღის წესრიგში გაიწერა, რომ საქართველოს ევალებოდა 2013 წელს მიღებული ახალი შრომის კოდექსის შესრულება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტების შესაბამისად. ასევე ჩაიწერა, რომ ქვეყანას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან  თანამშრომლობა უნდა გაგრძელებინა და გაღრმავებინა.

„საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება 2014 წლიდან აქვს, თუმცა მანამდეც ჰქონდა ევროკომისიასთან შესაბამისი შეთანხმება GSP+ (განვითარებადი ქვეყნებისთვის განკუთვნილი სქემა, რომელიც მდგრადი განვითარებისა და კარგი მმართველობის გაძლიერებისკენაა მიმართული). აქაც გაწერილი იყო ეს შრომითი სტანდარტები და რეალურად სწორედ 2013 წლის შრომის რეფორმა უძღოდა წინ ასოცირების ხელშეკრულებას. ეს მანამდეც იყო ევროკომისიის მხრიდან წინაპირობა, რადგან სულ უარყოფითი დასკვნები კეთდებოდა საქართველოსთან მიმართებით, ვინაიდან შრომითი კანონმდებლობა, ფაქტობრივად, არ გვქონდა და არც აღსრულების მექანიზმი.

შემდეგ, როცა 2014 წელს დაიდო ასოცირების ხელშეკრულება, პირველივე სამოქმედო გეგმაში დეტალურად გაიწერა, რომ სავალდებულო იყო საჯარო სამსახურის რეფორმის გატარება და შრომის ინსპექციის სამსახურის ამოქმედება“, – ამბობს ნეტგაზეთთან რაისა ლიპარტელიანი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.

„ერთ დღეს ყველა მოქმედი მოხელე გაიღვიძებს სრულიად დაუცველი“

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი ამბობს, რომ შრომითი უფლებების დაცვის მთავარი პირობა არის ის, რომ ადამიანი მაქსიმალურად იყოს დაცული გათავისუფლებებისგან. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები უნდა იყოს სტაბილური.

ამ მხრივ ყველაზე დაცული სწორედ საჯარო სამსახურში დასაქმებულები იყვნენ და ახლა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი უფლებადამცველების შეფასებით, მათ დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტს – სტაბილურობას – აცლის.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დაჩქარებულად შეცვლა „ოცნებამ“ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ასობით საჯარო მოხელე ღიად გაემიჯნა პარტიის გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე. ცვლილებები საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხების გამარტივებას ეხება. თუ მანამდე მოქმედი კანონპროექტით რეორგანიზაცია ავტომატურად არ იწვევდა  დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლებას, ცვლილებების შემდეგ ეს შესაძლებელი გახდა.

ვრცლად