მედია: ქობულეთში, ქარსაცავ ზოლში, ფიჭვებსა და მუხებს სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე ჭრიან

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქარსაცავი ზოლის გაჩეხა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს და წერს, რომ ამჟამად ფიჭვებსა და მუხებს წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და ტაძრის ტერიტორიაზე, სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე ჭრიან.
ადგილობრივების თქმით, უკვე 20-ზე მეტი ჯანსაღი ხეა მოჭრილი და პროცესი ისევ გრძელდება. სკოლის ადმინისტრაცია ხეებს მუნიციპალიტეტის მერიის ნებართვის საფუძველზე ჭრის. საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციაში გამოცემასთან განაცხადეს, რომ ქარსაცავი ზოლის გაჩეხის გადაწყვეტილება უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს. დაწესებულების დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ქობულაძემ 20-ზე მეტი ხის მოჭრაც დაადასტურა.
“მუნიციპალიტეტის მერიისგან მივიღეთ ნებართვა. 20-ზე მეტი ფიჭვი მოვჭერით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ქარის დროს რამდენიმე ხე წაიქცა, ამიტომ შემდგომში რისკების თავიდან აცილების მიზნით ვჭრით ხეებს… არა, სპეციალისტი არ ჩაგვირთავს პროცესში. მაგას სპეციალისტი არ სჭირდებოდა, ისედაც აშკარა იყო. გამოცდილ ხალხს ვკითხეთ და გვითხრეს, რომ ნიადაგი ვერ გაუძლებდა ამ სიმძიმეს. სკოლის ტერიტორიაა და ბავშვები რომ არ დაშავდნენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. იდეის დონეზე გვაქვს პროექტი, გასართობი სივრცე უნდა შევქმნათ, ბამბუკებს დავრგავთ და სხვადასხვა მცენარეს. სხვადასხვა ბუჩქიც იქნება.” – განაცხადა ქობულაძემ.
ქობულეთის მერიამ უპასუხოდ დატოვა “აჭარა თაიმსის” კითხვა, რატომ გაიცა ხეების მოჭრის ნებართვა სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე.
“ხეები საფრთხის შემცვლელი იყო ბავშვებისთვის. სწორედ ამიტომ გაიცა ნებართვა. გასულ წელს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა აღნიშნულ ტერიტორიაზე, ხის მოტეხის ფაქტს”, – აცხადებენ მერიაში.