იმ საქველმოქმედო ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლითაც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ, მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვით პროკურატურაში აღძრული „საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ საქმის ფარგლებში დააყადაღეს.
ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვატო შაქარიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „აგენტურული კვალი“ დაინახეს, რომლის შესახებაც საგამოძიებო უწყებას აცნობეს – საქმე კი 2025 წლის თებერვალში აღიძრა.
„ჩვენი მიზანია ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში აგენტური ქსელის მიერ ჩადენილი დანაშაული აღიკვეთოს და კონკრეტულმა პირებმა ამის გამო პასუხი აგონ. ამ მიზანს საგამოძიებო უწყებები რა საშუალებებით მიაღწევენ, ეს მათი გადაწეყვეტია. ეს იქნება ის ღონისძება, რაც დღეს ფონდებთან დაკავშირებით შეიტყო თუ სხვა, ეს მათი პრეროგატივაა“, – თქვა მან.
ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ 10 საათის განმავლობაში იმყოფებოდა პროკურატურაში ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალების მისაწოდებლად. რადიო თავისუფლებამ მას სთხოვა, დაესახელებინა ერთი ფაქტი, რომლის შესახებაც მან საგამოძიებო უწყებები ჩააყენა საქმის კურსში:
„აქ არის ლოგიკური ბმა, მოქმედებათა ჯაჭვი. ეს არის ძალიან ფართო და მოიცავდა იმ პროცესებს, რომელიც იყო პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში – პირდაპირ ხდებოდა კონკრეტული ფონდების მიერ დანაშაულის წახალისება, დანაშაულის ჩადენისკენ მოწოდება და შემდგომ იმ მატერიალური საშუალებების შეძენას, რომელიც სჭირდებოდა დანაშაულის ჩადენას“, – ამბობს ვატო შაქარიშვილი და დასძენს, რომ მათ მიერ დასახელებულ ორგანიზაციებს შორის იყო „ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“.
პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დღეს, 17 მარტს კიდევ სამი ორგანიზაციის („ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. ამ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას და აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახების დახმარებას ედავებიან, რაც კვალიფიცირებული აქვთ, როგორც „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისება“.
„კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ 100 დღეზე მეტია გასული – ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა – შეკრებებზე აკრძალა ლაზერებისა გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდებოდა, აღნიშნული ფონდები კი დაჯარიმებულ მოქალაქეებს სახდელის გადახდაში ეხმარებოდნენ.