მედია: ფარცხალაძის გარემოცვა მოსკოვში ახალი “გეორგიევსკი ტრაქტატის” დადებას ითხოვს

დღეს მოსკოვში გამართული სემინარ-თათბირი „გიორგიევსკის ტრაქტატი: წინაპართა ისტორიული არჩევანი“ საქართველოსა და ს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე საკამათო თემას – „ახალი ტრაქტატის“ იდეას დაუკავშირდა. საერთაშორისო პარტია „მშვიდობის სახელით სოლიდარობის“ ქართველი მდივანი მამუკა ფიფია საჯაროდ საუბრობდა იმაზე, სჭირდება თუ არა დღეს საქართველოს ახალი „გიორგიევსკის ტრაქტატი“, რამდენი ხელმოწერა შეაგროვეს რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის მხარდასაჭერად და ვინ ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას.

ჩვენ გვჭირდება ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი — გეორგიევსკის ტრაქტატი 2. რა თქმა უნდა, ეს პირობითი სახელწოდებაა, შეგვიძლია სხვაგვარადაც ვუწოდოთ. მთავარი ის არის, რომ ერთმანეთისკენ ვიმოძრაოთ და ჩვენი ქვეყნები გავაერთიანოთ.

იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც ახლა მთელ რეგიონში ხდება, ჩვენ ისევ, როგორც მაშინ, ერთად ყოფნა გვჭირდება. სიტუაცია ისეთია, რომ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით. მე ღმერთის მწამს და მჯერა, რომ მართლმადიდებელი რუსეთი ღმერთმა იმიტომ არ შექმნა, რომ ჩვენ შორის უთანხმოება იყოს. არიან ადამიანები, რომელთაც სურთ ჩვენი დაპირისპირება; ამაში ათწლეულების განმავლობაში უზარმაზარი თანხები იხარჯება, და აი, ეს არის შედეგი, რაც ახლა გვაქვს – ის, რომ ამ ვითარებასთან გამკლავება გვიწევს. თუმცა, ღმერთის წყალობით, ეს წარმატებით გამოგვდის. იმედი მაქვს, ერთმანეთს კიდევ უფრო დავუახლოვდებით.

ორი თვის წინ ჩვენი პარტია გამოვიდა ინიციატივით – შეგვეკრიბა ხელმოწერები რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგის მხარდასაჭერად, რათა განგვეხილა ყველა ის საკითხი, რომელიც ამ 33 წლის განმავლობაში დაგროვდა. მადლობა მინდა გადავუხადო დავით ვაჟას ძეს ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის.

ინიციატივის განხორციელებისას ბევრი დაბრკოლება შეგვექმნა. ვიცოდით, რომ პლატფორმა, რომელზეც ხელმოწერებს ვაგროვებდით, ამერიკული იყო და შეგვაფერხებდნენ. ეს რისკები გათვალისწინებული გვქონდა, რადგან გვინდოდა, მათი ნამდვილი სახე გვეჩვენებინა. ასე მოხდა კიდეც – საიტი 6-ჯერ გაგვითიშეს და ხელს გვიშლიდნენ ხელმოწერების შეგროვებაში. საიტი 21 დღე არ მუშაობდა. შემდეგ ჩართეს – როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა, რომ ამის გაგრძელება სირცხვილი იყო და ამით საკუთარ რეალურ სახეს ავლენდნენ.

მიუხედავად ამისა, ხმის მიცემა მაინც რთული იყო, განსაკუთრებით – რუსეთის ტერიტორიიდან. მიუხედავად ყველაფრისა, ამ პლატფორმაზე შევაგროვეთ 82 ათასზე მეტი ხელმოწერა, ფიზიკურად კი – 42 ათასზე მეტი ხმა. საბოლოო ჯამში, 100 ათასამდე მხარდამჭერი შევაგროვეთ და მალე მივმართავთ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგი დავიწყოთ, – განაცხადა ფიფიამ. 

წყარო