მედია: ურჩხულის დაბრუნება: პუტინის რუსეთის თავზე სტალინი აღიმართება

რუსეთის თათრეთის რეგიონის სიდიდით მეორე ქალაქში, ნაბერეჟნიე ჩელნიში, საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის, უჩვეულო ქანდაკება დგას კერძო სკოლის ტერიტორიაზე.

სკამზე უდარდელად მჯდომი სტალინის ფიგურა სასაუბროდ გადმოხრილა და გამვლელებს ეპატიჟება თავის გვერდით, დაბრძანდით, ვისაუბროთო. მისი პოზისა და ჟესტის მიხედვით, ტირანი ერთდროულად ყურადღებით უსმენს მოსაუბრეს და მოთმინებით უხსნის რაღაცას, რაც მკვეთრ კონტრასტშია მისი მმართველობის სასტიკ რეალობასთან.

რუსეთში ახლა სტალინის 100-ზე მეტი ძეგლია და მათი უმრავლესობა ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის 24 წლის განმავლობაშია აგებული. მაგრამ ნაბერეჟნიე ჩელნის ქანდაკება ალბათ ყველაზე უკეთ ასახავს ქვეყნის პარადოქსულ, ამავე დროს, კვლავაც მიმდინარე ურთიერთობას კაცთან, რომელიც 70 წლის წინ მოკვდა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა კვლავაც გავლენას ახდენს და აყალიბებს კიდეც მისი მრავალი მოქალაქის ცხოვრებას.

და ამ მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს პუტინის კრემლი იყენებს, როცა ის ხელს უწყობს რუსეთში სახელმწიფოს მიმართ ერთგულების, ნაციონალისტურ, მილიტარიზებულ ხედვას, რომელიც ბევრი ანალიტიკოსის თქმით, ფაქტობრივად – იდეოლოგიურად თუ არა – „ნეოსტალინისტურია“.

„დღეს რუსეთში, “ლენინი” უბრალოდ ფიგურაა მავზოლეუმსა და მუზეუმებში – მეტი არაფერი“, დაწერა ლეონიდ ნევზლინმა – ბიზნესმენმა, რომელიც დან ისრაელში გაიქცა 2003 წელს პუტინის მიერ ნავთობის გიგანტის, „იუკოსის“ ხელში ჩაგდების ფონზე – 2020 წლის ესეიში რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისთვის.

“სტალინი” ჩვენი ყოველდღიური რეალობაა. პუტინის რეჟიმს სრულიად განსაზღვრული ურთიერთობა აქვს სტალინთან, სტალინისტებთან, სტალინიზმთან. ეს ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, რეჟიმის ფესვებთანაა დაკავშირებული. კა-გე-ბე [და საბჭოთა უშიშროების სხვა უწყებები] ვერ იქნებიან “სტალინის”, როგორც იდეისა და პრაქტიკის, წინააღმდეგი. სტალინი მათი მფარველია, მათი ბედისწერა და მათი ბიოგრაფიაა.

“სტალინი” – არის სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა ჩათრეულია “სტალინიზაციის” პროცესში და ხორციელდება მათი ნეოსტალინისტებად გადაბირება“, დაწერა მან. „კულტურულ-ფსიქოლოგიური გაგებით, ჩვენ სტალინისტურ საზოგადოებად ვრჩებით“.

თათარი აქტივისტი და პოლიტოლოგი, რუსლან აისინი, სტალინს „დიდებულ მანიპულატორს“ უწოდებს. აგვისტოში, რადიო თავისუფლების Idel.Realities-თვის დაწერილ ესეიში, მან აღნიშნა, რომ რუსეთის უკვდავი მემკვიდრეობა სტალინისგან არის – დაქვემდებარება, კონფორმიზმი, ინდივიდუალური იზოლაცია და დისლოკაცია.

„ჩვენ ნამდვილად სტალინის მემკვიდრეობაში ვცხოვრობთ, – დაწერა მან, – სადაც მთავარია შიში, დაქსაქსვა, დამორჩილება და სხვა სოციალური მანკიერებები“.

ვრცლად