მედია – უნგრეთმა გაასაჩივრა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებას ეხება

უნგრეთის მთავრობამ ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრა ბრიუსელის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას ეხება, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გამოცემა Portfolio-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის მშვიდობის ფონდის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ განსახილველად 25 აგვისტოს მიიღო და ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
სარჩელი ეხება ევროპული საბჭოს მიერ 2024 წლის მაისში მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც ევროკავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი ევროპის მშვიდობის ფონდში გადაერიცხა, საიდანაც ევროკავშირის წევრები უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების ხარჯებისთვის კომპენსაციას იღებენ.
უნგრეთი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება კენჭისყრის პროცედურების გვერდის ავლით მიიღეს და ბუდაპეშტის ვეტო უგულებელყვეს იმ მოტივით, რომ უნგრეთი „კონტრიბუტორი წევრი სახელმწიფო“ არ არის.