ტირძნისის საბავშვო ბაღის დემონტაჟი 21 თვეა გრძელდება. როგორც ადგილზე ვნახეთ, დემონტაჟის სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არაა.
ახალი ბაღის მშენებლობა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოები 13 თვეში, 2025 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ავანსად ჯერ 1.12 მლნ ლარი კომპანია ,,ლაგი კაპიტალს” გადაურიცხა, რომელმაც ხელფასი მუშებსაც არ გადაუხადა. ამ თანხაში შედიოდა შინდისის საბავშვო ბაღის სადემონტაჟო სამუშაოებიც. შემდეგ 2025 წლის აპრილში ხელშეკრულება შეუწყვიტა.
ტენდერიდან ,,ლაგი კაპიტალის” ჩახსნის შემდეგ, 2025 წლის 8 მაისს, ახალ კომპანიას, ამხანაგობა ..მეგა ბილდს” ავანსად 120 000 ლარი ჩაურიცხეს.
როგორც ტირძნისში გვითხრეს, ახალი კომპანია სადემონტაჟო სამუშაოებში 2 კვირის წინ ჩაერთო, თუმცა ავანსის თანხა 2025 წლის მაისში აქვს მიღებული. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ტირძნისის საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულების ვადად 2028 წელი განისაზღვრა.