სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნივთიერება, რომელიც შსს-მ 2024 4-5 დეკემბრის ღამეს, პროევროპული აქციების დარბევისას გამოიყენა არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი. სუს-ის უფროსის მოადგილეს, ლაშა მაღრაძეს, რომელმაც საკითხს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა, არ უთქვამს, რა ნივთიერება გამოიყენეს სხვა დარბევების დროს, მაგალითად – 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ღამის ჩათვლით პერიოდში.
ლაშა მაღრაძის ინფორმაციით, ქიმიური ექსპერტიზა ჩატარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
რაც შეეხება ბრომობენზილ ციანიდს, იგივე კამიტს, უწყებაში აცხადებენ, რომ “ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია”.
“ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შსს-ისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან. შსს-ის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 1-ელი და მე-2 სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა. ხსენებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი.
აღნიშნული ნივთიერება შსს-ის მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 17 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება ქლოროტრიქლორეთილენთან ერთად. მას, ტრანსპორტირებისას, მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN3439, ხოლო გამხსნელ სითხეს გადაზიდვის კოდი – UN1710. ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის, გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც.
ნიმუშის სახით ამოღებულია 17,5 კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, სადაც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნულია როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება – ქოლობენზინიდილ მალონონიტრილი, ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439
[…] გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისთვის გამოყენებულ იქნა ნივთიერება ქლორობენზინიდილ მალონონიტრილი, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება პრომილენ გლიკოლის ხსნარი. აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერებების კატეგორიას”, – განაცხადა მაღრაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოიღეს შემდეგი ნივთიერებები:
- ქლორობენზილიდინ მალონოლიტრინი;
- ტრიქლორეთილები (ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე – 880 ლიტრის ოდენობით);
- პრომილენ გლიკოლი.
გარდა ამისა, ლაშა მაღრაძის თქმით, BBC-ის გამოძიებაში ნახსენები კოდების ქვეშ არსებული ნივთიერებები, ბოლო 20 წლის განმავლობაში, შსს-ის გარდა სხვა ქართულ ორგანიზაციებსაც აქვთ შემოტანილი. მათ შორის, “ავერსი რაციონალს”, “ჯიპისი”, “რუსთავის აზოტს” და ა.შ.
“ტრანსპორტირების ტვირთი UN3439 – 507-ჯერ და ტრანსპორტირების კოდი UN1710 – 99-ჯერ არის დაფიქსირებული საბაჟო დეპარტამენტის სააღრიცხვო ბაზებში”, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.




