სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.
სუს-ის თანახმად, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-მ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები.
„ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით თბილისში 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფის ძალად ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო“, — განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ დღეს, 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ.
„სპეციალურ სამალავში აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები გადამალული იყო თბილისის მახლობლად ტყის მასივში. ჩვენს მიერ ასევე იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც ბ.ჭ.-ს შეკვეთით დაამზადა დეტონატორი, დეტონატორის პულტი, რომლითაც შესაძლებელი იყო დეტონატორის მოქმედებაში მოყვანა. ის უკვე მოყვანილია უსაფრთხოების სამსახურში და მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის დადგენილი სახით პასუხისგებაში მიცემულია ბ.ჭ. და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. დღეს გარიჟრაჟზე ჩატარდა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ტელეფონი, რომელსაც ის საქართველოში ყოფნის დროს იყენებდა. ტელეფონის დათვალიერების შედეგად ამოღებულია ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, სადაც ბ.ჭ. გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ პირს აჩვენებს მის მიერ შეძენილ იარაღებს, საბრძოლო მასალას და აბარებს ერთგვარ ანგარიშს აღნიშნულთან დაკავშირებით“, — განაცხადა მაღრაძემ.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.