„ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე „რადიო თავისუფლების” ინფორმაციაზე, მის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით, BMG-სთან კომენტარს აკეთებს.
ფხაკაძემ BMG-ის წერილობითი პასუხი გაუგზავნა, რომელშიც ჩამოთვლილი აქვს ხუთი პუნქტი, თუ რატომ იქნება მისი სანქცირება „სრულიად უსამართლო და არაობიექტური”.
„პირველი, ეს ჰიპოთეტურ დონეზეც კი არის სრულიად უსამართლო და არაობიექტური ჩვენი ჯგუფის მიმართ და ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის იმ ადამიანებმაც, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში.
მეორე, პირველივე დღიდან, ბიზნეს საქმიანობას ვეწევით დასავლური ღირებულებებისა და ფასეულობების შესაბამისად და ამასაც ყველა გრძნობს და იცის, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ჩვენს ჯგუფში შემავალ რომელიმე კომპანიასთან.
მესამე, არასდროს არცერთ ხელისუფლებას არ ვაფინანსებდით და ესეც ყველამ იცის.
მეოთხე, ჩვენ ყოველთვის ვიყავით პოლიტიკურად ნეიტრალური და ყოველთვის ვართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მხარეს და ასე იქნება მომავალშიც. ამასთან, ვართ მსხვილი ბიზნესი და, ბუნებრივია, ყოველთვის გვქონდა და მომავალშიც გვექნება ნორმალური ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ეს მთელ მსოფლიოში ყველასთვის მარტივად გასაგები მოცემულობაა.
მეხუთე, 1998 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატებია სწორედ ის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო კავშირები მაქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ჩემი 2 ალმა-მატერი.
ასევე, ამა წლის 29 იანვრიდან რამდენიმე კვირით ვიქნები ბოსტონში, ჩემს ყოფილ უნივერსიტეტში, სადაც 2023 წლიდან გავდივარ ახალ სასწავლო პროგრამას. ამას გარდა, წლების მანძილზე ვმუშაობდით ამ თემაზე და დღეს საქართველოში წარმოვადგენთ სამ, ძალიან ცნობილ, ძალიან წარმატებულ ამერიკულ ბრენდს (ვენდისი, დანკინი და საბვეი).
როგორც აღვნიშნე, ამ ყველაფრის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაქვს მჭიდრო, ყოველკვირეული კავშირი და ესეც ყველამ იცის, ვინც მიცნობს. ვინც არ მიცნობს, გამიცნობს და მიხვდება. და ბოლოს, ბუნებრივია, ჩვენ მარტივად შევძლებთ დავიცვათ და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე ნებისმიერ დონეზე აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში”, – ნათქვამია ფხაკაძის წერილობით პასუხში.
„რადიო თავისუფლების“ წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.
„რადიო თავისუფლება” კარგად ინფორმურებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წერილი 2025 წლის 9 იანვარს გაიგზავნა და მასში ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 26 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი – ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
„რადიო თავისუფლების”“ თანახმად, წერილში მოთხოვნილია ჩამოთვლილი ადამიანების სანქცირება:
ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები:
- ეკატერინა ხვედელიძე, ივანიშვილის ცოლი
- ალეკო ივანიშვილი
- შმაგი კობახიძე
- უჩა მამაცაშვილი
„ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები:
- ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
- კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
- თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური
- გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის უფროსი
- ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
- კახა კალაძე, თბილისის მერი
- ირაკლი კობახიძე – წერილში მოხსენიებულია როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“
- ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი – მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“
- ვასილ მაღლაფერიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი. მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“
„კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან:
- ირაკლი რუხაძე, „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე)
- სოსო ფხაკაძე, „ვისოლის“ დამფუძნებელი
- ხვიჩა მაქაცარია
- ირაკლი გილაური, „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი
- ვანო ჩხარტიშვილი
- სულხან პაპაშვილი
- გიორგი კაპანაძე („რიჟა“)
- ილია წულაია, „არქის“ დამფუძნებელი
- ნოშრევან ნამორაძე
- ვიქტორ ჯაფარიძე, „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი
მოსამართლეები:
- მიხეილ ჩინჩალაძე
- ლევან მურუსიძე.